თბილისში, „რუსთაველის“ კინოს შენობაში არაბული დეველოპერული კომპანიის Eagle Hills-ის ოფისი გაიხსნა.
ღონისძიებას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და EMMAR ჯგუფის დამფუძნებელი მოჰამედ ალაბარი.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელიც 6 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტს შეადგენს, უმსხვილესია.
მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკა არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სტრატეგიულ ინვესტიციებს, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკასა და განამტკიცებს საქართველოს პოზიციებს გლობალურ საინვესტიციო რუკაზე.
„ჩვენ, ინვესტორებს გასათვლელი გვაქვს, ფულს გავაკეთებთ თუ არა, წარმატება გვექნება თუ არა რომელიმე კონკრეტულ საქმეში, რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში. მგონი, ყველაფერი კარგად მიდის. დიდი მოცულობის სამუშაო გაკეთდა წელიწად-ნახევრის განმავლობაში. შეთანხმებაზე ხელმოწერამდე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა. ერთმანეთს ვეხმარებით, ერთმანეთს ვაგულიანებთ. ურთიერთობას ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ძალიან ვუფრთხილდებით. მთელი ჩვენი გუნდი არის თქვენდამი ძალიან ერთგული და მადლიერი იმისთვის, რომ ასეთი მასშტაბური ინვესტიციის განხორციელება გვანდეთ. არა მარტო გვენდეთ, არამედ გაგვიღეთ თქვენი ქვეყნის კარი…“ – განაცხადა EMMAR ჯგუფის დამფუძნებელმა, მოჰამედ ალაბარმა.
საზეიმო ღონისძიებაზე ასევე ცნობილი გახდა Eagle Hills-ის დაგეგმილი პროექტების შესახებ როგორც თბილისში, ისე საქართველოს ზღვისპირა ქალაქებში, მათ შორის გონიოში, სადაც, პროექტის მიხედვით, ხელოვნური ყურე აშენდება და იახტებისთვის განკუთვნილი პორტი მოეწყობა.
პროექტი განხორციელდება მდინარე ჭოროხის შავ ზღვაში შესართავის სამხრეთით. წარსულში ამ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზა იყო განთავსებული, რომელიც 2004-2005 წლებში დაიშალა.
