პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, ეს დღე კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი იყო, ევროკომისრებს და მინისტრებს 4 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი დაეგმოთ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელმა უარი უნდა თქვას ძალადობის, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღის წახალისებაზე.
„გუშინ, ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი, ევროკომისრებს და მინისტრებს დაეგმოთ 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი. ნაცვლად ამისა კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ცრუ ნარატივებით თავდასხმა ქართველ ხალხზე. მოძალადეებისთვის ხელის დაფარება ძალადობის გამართლებაა, ძალადობის გამართლება კი შემდგომი ძალადობის წახალისება“, – წერია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.
მისივე თქმით, ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ფუძემდებლურ ევროპულ ღირებულებებს და უარი თქვას ძალადობის წახალისებაზე.


