მთავარისაქართველოგიორგი გახარიას პარტია პარლამენტში შესასვლელად ემზადება

გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში შესასვლელად ემზადება

პარლამენტს ლეგიტიმაციას არ აძლევენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში 12 დეპუტატით მუშაობას იწყებენ. პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერების განცხადებით, ამის ერთადერთი მიზეზი პარლამენტში განსხვავებული აზრის არსებობა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვაა.

თუმცა, გასული ერთი წლის განმავლობაში ეს პარტია 2024 წლის არჩევნებში ბარიერგადალახულ სამ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, მათი მტკიცებით გაყალბებული არჩევნების შედეგებს, ბოიკოტითა და პარლამენტში არ შესვლით აპროტესტებდა. ამის პასუხად, გიორგი გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ  პოლიტიკური ბრძოლის ეს ტაქტიკა უშედეგო აღმოჩნდა.

„გრძელვადიანი ბოიკოტი იყო შეცდომა. მაშინ როდესაც „ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, ეს სწორი ფორმა იყო, მაგრამ როცა ვაცხადებთ, რომ ეს იყო შეცდომა, პირველ რიგში, ვგულისხმობთ მანდატების ჩახსნას. საბოლოოდ მივიღეთ, რომ პარლამენტში დაწყებული ბოიკოტი – თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტად გადაიზარდა, რასაც 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო სპეცოპერაცია მოჰყვა შედეგად. ბოიკოტმა – ყველაფრის ბოიკოტის სახე მიიღო, პარლამენტში შესვლით კი „ოცნებას“ გავუწევთ წინააღმდეგობას, როგორც ხდება ნორმალურ, ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნებში. არ ვამბობთ, რომ ჩვენი 12 ხმით შევძლებთ, რომ გარკვეული კანონპროექტების დაბლოკვას ან ჩვენთვის სასურველის დამტკიცებას შევძლებთ. „ოცნება“ დღეს აზიანებს ქვეყანას, რამდენიც არ უნდა ვეძახოთ მას და პარლამენტს არალეგიტიმური. ის მართავს დღეს ქვეყანას და მის ხელშია მთელი სახელმწიფო სისტემა, სამივე შტო, მათ შორის მე-4 ხელისუფლება [მედია]. ჩვენი როლია, რომ „ოცნებისგან“ გამოწვეული ზიანი შევამციროთ. პარლამენტი რომ არალეგიტიმური იყო და არის, ვერ გააკეთეს რაც სურდათ? ვერ შეაჩერეს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი? ვერ მიიღეს ანტიდემოკრატიული კანონები? „ოცნება“ ამას გააგრძელებს და ჩვენ რა ვქნათ, მანდატებით არ ვისარგებლოთ, რომელიც ხალხმა მოგვცა, რომ განსხვავებული აზრი ისმოდეს პარლამენტში?

ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ „ოცნებას“ ევროპული მომავლისა და ქვეყნის დაზიანების გაგრძელების საშუალება არ მივცეთ, რიგ შემთხვევაში ამას ვერ მივაღწევთ, მაგრამ შევძლებთ, რომ ზიანი შევამციროთ. ოპოზიციის როლია, რომ საკუთარი ბერკეტები გამოიყენოს ხელისუფლებაზე მუდმივი წნეხისთვის. ვხედავთ გარეთ რაც ხდება, მაგრამ მას შემდეგ, როცა მოსახლეობის ნაწილმა დაიჯერა, რომ ცვლილებების ერთადერთი ალტერნატივა ქუჩა იყო, სწორედ იმიტომ მოხდა ის უპასუხისმგებლობა 4 ოქტომბერს“,- განაცხადა „გახარია -საქართველოსთვის გიორგი შარაშიძემ.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ლიდერების განცხადებით, გიორგი გახარია ახლაც უცხოელების დავალებას ასრულებს და თან მხარდამჭერებ დაკარგულის პოზიციიდან, პოლიტიკური თავშესაფრის სახით, პარლამენტში შესვლას არჩევს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ამ ოპოზიციური პარტიის გუნდი ერთწლიანი დაგვიანებით მიხვდა, რა იყო სწორი პოლიტიკური ნაბიჯი.

„გახარიას ჭკვიანად მოჰქონდა თავი და მისი ამომრჩეველი გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდა და აიძულა, რომ მისი პარტია შესულიყო პარლამენტში, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ, კატასტროფულად დაბალი შედეგი მიიღო გახარიას პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებზე. პრაქტიკულად, ამ „ჭკვიან“ პოლიტიკოსს, გახარიას ერთი წელი დასჭირდა რომ მიმხვდარიყო, პარლამენტი ლეგიტიმური იყო და თუ ასე გააგრძელებს, სადღაც 80 წლის ასაკში, ალბათ, საშუალო დონის პოლიტიკოსად ჩამოყალიბდება.

ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო არა მარტო გახარიას, ნებისმიერი პარტიის შემოუსვლელობა პარლამენტში იმ მიზეზით, რომ ვითომ არ იყო ლეგიტიმური.

ყველამ კარგად დაინახა რომ არანაირი გაყალბება არ იყო და ლეგიტიმური იყო პარლამენტი, მაგრამ ამ შემთხვევაში დაიწყეს თამაში. ამ თამაშს აჰყვა გახარია და მოინდომა კიდევ უფრო თამაში და მოცურდა. მოცურდა იმას ნიშნავს, რომ თავისი ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა. რომ დაკარგა მიხვდა, რომ ყველა მხრიდან იქნება ბულინგის მსხვერპლი და პრაქტიკულად, პოლიტიკური თავშესაფარი მითხოვა იმით რომ ახლა შემოდის პარლამენტში“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა.

„მრავალგზის მოღალატე“ – ასე აფასებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გიორგი გახარიას, მას შემდეგ, რაც მან პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამბობენ, რომ ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა მათთვის, მაინც პოლიტიკური სიურპრიზი აღმოჩნდა.

“გიორგი გახარია ქრონიკული მოღალატეა. ჯერ უღალატა ივანიშვილს, მერე – საპროტესტო ელექტორატს, მერე – ოპოზიციურ შეთანხმებას.  საპროტესტო ელექტორატში გიორგი გახარია ოპოზიციურ ძალად აღარ განიხილება. „საბოლოო ჯამში, ეს კაცი ცდილობს, თავის გუნდთან ერთად დაბრუნდეს „ქოცურ“ წიაღში. რამდენად დაბრუნდება, ესეც საკითხავია“, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.

პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატი, შალვა კერესელიძე პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, პროცედურული საკითხების გავლისთვის უკვე შეხვდა. ოპოზიციური, უკვე ოფიციალურად  საპარლამენტო პარტია, საკნონმდებლო ორგანოში მუშაობას რამდენიმე დღეში შეუდგება. პარლამენტს მიღმა რჩებიან მანდატებჩახსნილი პარტიები – „ლელო – ძლიერი საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და კოალიცია „ცვლილებისთვის“. ისინი პოლიტიკური ბრძოლის გზად, კვლავ ბოიკოტს და „ქართული ოცნებისთვის“ ლეგიტიმაციის არ მინიჭებას მიიჩნევენ.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend