აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სომხეთში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით საქონლის ტრანზიტზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.
ალიევის თქმით, ამ გადაწყვეტილებით რეგიონში ახალი ეტაპი იწყება.
„დღეს იწყება ახალი პერიოდი, ან, როგორც მე ვიტყოდი, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ეპოქა“, – განაცხადა ალიევმა აზერბაიჯან-ყაზახეთის უმაღლესი სახელმწიფოთაშორისო საბჭოს მეორე სხდომაზე.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ახალი შეთანხმების ფარგლებში პირველი სატრანზიტო ტვირთი ყაზახური ხორბალი იქნება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციამ მიესალმა ბაქოს გადაწყვეტილებას.
„ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი ეტაპია რეგიონული კომუნიკაციების აღდგენის, ნდობის განმტკიცებისა და ორ ქვეყანას შორის მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით“, – განაცხადა ფაშინიანის პრესსპიკერმა, ნაზელი ბაღდასარიანმა.
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა აღნიშნა, რომ პირველი სატრანზიტო ტვირთი უახლოეს მომავალში ჩავა სომხეთში.
„ყაზახური ხორბლის პირველი პარტია მალე სომხეთში შევა. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ რეგიონში მშვიდობა დამყარდა“- განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “ზანგეზურის დერეფნი” შესაძლოა, 2028 წლის ბოლომდე გაიხსნას.
„გარდა იმისა, რომ ამჟამად ყველაფერს ვგეგმავთ და ვახორციელებთ, ზანგეზურის დერეფნის პროექტსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს. აზერბაიჯანში ყველა საგზაო და სარკინიგზო კავშირი მომავალი წლის შუა რიცხვებისთვის დასრულდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს სხვა ქვეყნებშიც იგივე ტემპით განხორციელდება, ამ შემთხვევაში ზანგეზურის დერეფნის გახსნა შესაძლოა 2028 წლის ბოლომდე მოხდეს“, – დასძინა ალიევმა.


