მთავარიგადაცემებიFood Detectivesსურსათის დეტექტივები სანდო ყველსა და ლუდს აწარმოებენ

სურსათის დეტექტივები სანდო ყველსა და ლუდს აწარმოებენ

ევროპის საუკეთესო სურსათის ექსპერტები ერთიანი ძალით ცდილობენ თაღლითების კვალზე გასვლას. ევრონიუსი თვალყურს ადევნებს მათ ძალისხმევას  სპეციალურ გადაცემათა ციკლის მეშვეობით, სახელწოდებით: „სურსათის დეტექტივები“.  ამ  ციკლის მესამე  ეპიზოდში ევრონიუსი რძის ნაწარმის  ფინელ ექსპერტებს შეხვდა, რომლებიც სანდო პროდუქტს აწარმოებენ.

აბიბინებულ გორაკებზე მობალახე მეწველი ძროხები – ესაა ბუკოლიკური სცენა ფინეთში, რომელიც მაშინვე თვალწინ დაგიდგებათ, როგორც კი ხარისხიან, მცირე ფერმის რძის ნაწარმზე  გაიფიქრებ. თუმცა სიყალბისგან არც ეს მცირე სექტორია დაზღვეული, განმარტავს სურსათის დეტექტივი – ფინეთის ტექნიკური კვლევითი ცენტრის (VTT) კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი ჰანა-ლეენა ალაკომი:

“ასეთ მცირე ზომის ფერმაშიც არ არის გამორიცხული პროდუქტის გაყალბება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეგვეძლოს  იმის გარკვევა, თუ რა პირობებში აწარმოეს ნედლეული, რომლისგანაც პროდუქტია დამზადებული“.

 

ამიტომაც ანტი კოლიონენის ფერმა MTY LOUKASTEN TILA სურსათის დეტექტივების იმ საპილოტე პროექტის ნაწილია, რომელიც რძის ნაწარმის მიწოდების სრულ ჯაჭვში გამჭვირვალობის სრულიად ახალ დონეზე აყვანას ემსახურება. ეს ტექნოლოგია იმ საწველი რობოტული დანადგარებით იწყება, რომლებიც ყოველდღე თითოეული მეწველი ძროხის მიერ მოცემულ რძეს ამოწმებს.

“თითოეული ძროხის რძეს ცალკე უტარდება მონიტორინგი და კონტროლი და მხოლოდ მაღალი ხარისხის რძეს ვასხამთ ბიდონებში,“ – ამბობს ანტი კოლიონენი. „რობოტს უამრავი განსხვავებული საზომი ხელსაწყო აქვს. ელექტრონულ გამტარობას, ტემპერატურასა და წყლის მოცულობას – ყველაფერს რობოტი ზომავს“.

ამის შემდეგ რძე ფერმიდან რძის მცირე საწარმოში მიაქვთ, სადაც მისგან ჩედერის ყველს ამზადებენ. გამჭვირვალობას ამ საწარმოშიც იცავენ – მისი მთავარი ინსტრუმენტია შტრიხკოდიანი ეტიკეტი, რომელიც ევროკავშირის უოტსონის (Watson Project) პროექტის მონაწილე სურსათის დეტექტივებმა შექმნეს. ეს მარტივი სტიკერი პროდუქტის შესახებ სრულ ინფორმაციას გაწვდით.

“უოტსონის  ამ ინსტრუმენტის საშუალებით გაცილებით მეტ და დეტალურ ინფორმაციას ათავსებენ შტრიხკოდზე: მაგალითად, როგორ დამზადდა ეს პროდუქტი ერთ კონკრეტულ დღეს, რა განსხვავებული ეტაპები გაიარა, როგორ მიიღეს ის რძე, რომელთა ბაზაზეც დამზადდა პროდუქტი და კიდევ სხვა ბევრი რამის, მათ შორის ვიდეო-რგოლისაც, რომელიც წარმოების პროცესს აჩვენებს“ – განმარტავს ჰანა-ლეენა ალაკომი.

სურსათის დეტექტივებმა გამჭვირვალობის დამცავი ტექნოლოგია ქალაქ ვაასაში, ფინეთის დასავლეთ სანაპიროზე შეიმუშავეს. როგორც სურსათის დეტექტივი სტურე უდი  განმარტავს, ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის არის, რომ მცირე მწარმოებლებმა ადვილად დანერგონ მიკვლევადობის ჯაჭვი ამ შტრიხკოდის ტექნოლოგიის საშუალებით,

სტურე უდი , პლატფორმა UPCODE-ის ხელმძღვანელი:

“ჩვენ, პრინციპში,  ხელმისაწვდომი სტანდარტული ტექნოლოგიების შესანიშნავ კომბინაციას ვქმნით, მაგრამ ამას ისეთ სისტემაში ვაკავშირებთ, რომელიც ინფორმაციის გამოყენების საშუალებას აძლევს ყველას, ვინც კი ჩართულია პროდუქტის წარმოებაში. ესენი არიან: მეწარმეები, ლოგისტიკა, მაღაზია და მომხმარებელი. ეს სისტემა გადამუშავების რგოლსაც მოიცავს“.

მცირე ლუდსახარში ახალი შტრიხკოდის საპილოტე პროექტშია ჩართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელმისაწვდომია ინფორმაცია ისეთ დეტალზეც კი, როგორიცაა, მაგალითად, თუ სად მოიყვანეს  ნედლეულად გამოყენებული ქერი – მსგავსი ინფორმაციის მოძიება აქამდე მომხმარებელს არ შეეძლო, ამბობს სურსათის დეტექტივი პლატფორმა UPCODE-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი პეკა კარჰუნენი:

“მომხმარებელს აინტერესებს, თუ საიდან არის ნედლეული, ნამდვილად ადგილობრივია თუ არა და რა საკვებ ელემენტებს შეიცავს.  ალერგიის გამომწვევი ინგრედიენეტები ხომ არ აქვს. ასეთი წვრილმანები აინტერესებთ. გვინდა, დავაზუსტოთ, რამდენად სანდოა პროდუქტი.“

უნიკალური კოდი პროდუქტის იმიტაციასთან და თაღლითობასთან ბრძოლასაც უწყობს ხელს.

“მაგალითად, ჩვენმა ლუდმა „ფინეთის საუკეთესო ლუდის“ წოდება მოიპოვა. შეიძლება, ბევრმა ჩვენმა  კონკურენტმა ისე დაამზადოს ლუდი და ისეთი ეტიკეტი მიაკრას, თითქოს ჩვენი ჩამოსხმულია“, – განმარტავს პეკა კარჰუნენი.

მონაცემები ინტერაქტიულადაც არის  ხელმისაწვდომი. როდესაც მომხმარებელი კოდს ტელეფონით დაასკანერებს, შეუძლია სრულად შეაფასოს პროდუქტი, ნახოს სხვა მომხმარებლების მიმოწერა მწარმობელთან, ასევე პროდუქტთან დაკავშირებული ყველა სიახლე.

“ამჟამად მომხმარებელს შეუძლია მწარმოებელს პროდუქტთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გააცნოს და ამ გზით გავლენა იქონიოს ბრენდის პოლიტიკაზე,“ – ამბობს ჰანა-ლეენა ალაკომი. „მეორე მხრივ, მწარმოებელს შეუძლია ინფორმაციის განახლება, მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ პროდუქტის გამოხმობა გახდა საჭირო. მომხმარებელს  შეუძლია სრულ ინფორმაციას გაეცნოს“.

ავტორი: ჯერემი უილქსი

 

უახლესი

სხვა ამბები

00:03:10

ძველი ხიდი

spot_imgspot_img
Send this to a friend