კატეგორიები

„ქართული ოცნების” წევრები კონსულტაციებისთვის გაწვეულ გერმანიის ელჩს ისევ აკრიტიკებენ

„ქართული ოცნების” წევრები კონსულტაციებისთვის გაწვეულ გერმანიის ელჩს ისევ აკრიტიკებენ

გერმანიის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა და თქვა, რომ ეს შეიძლება გერმანიიდან საქართველოსთვის სასურველი გზავნილი იყოს. პაპუაშვილმა ერნსტ პეტერ ფიშერი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ქართულ-გერმანული 30-წლიანი მეგობრობის დაზიანებაში და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების” პოლიტიკის გაკრიტიკება ელჩის მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა.

„როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედმა ელჩმა სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობებს შორის ხიდის როლს ასრულებდეს, ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის კედლის როლი აირჩია. მისი მხრიდან ვხედავდით საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმას, მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო.

30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში ძალიან დაბალ ნიშნულზე დავიდა. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ეს არის მინიშნება გადატვირთვაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან იქ დაბრუნდეს, სადაც იმსახურებს, რომ იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი გაიწვიეს. დანარჩენი სიღრმეში აღარ შევალ. ჩვენი პოზიციები, მათ შორის გერმანიის ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით, ცნობილია, რაც არაერთხელ გვითქვამს. ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით, გვაქვს ამ პოზიციის არგუმენტები. განცხადებებს უკვე დიდად არ ჩავუღრმავდებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გადააზრება. მნიშვნელოვანია, რომ ელჩი ასრულებდეს არა კედლის, არამედ ხიდის როლს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს ყველა ელჩისთვის კარგი მაგალითი უნდა იყოს იმისთვის, რომ დარჩნენ საკუთარი დიპლომატიის ფარგლებში.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები