მთავარიმსოფლიოNATOნატოს ბირთვული წვრთნები გრძელდება

ნატოს ბირთვული წვრთნები გრძელდება

მეხუთე თაობის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი F-35  მთავარი დამრტყმელი ძალაა ნატოს ბირთვული შეკავების სწავლების მსვლელობისას.  ერთი გამანადგურებლის ღირებულება დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარია და მას ტაქტიკური ბირთვული იარაღით შეუძლია ოპერირება. წვრთნებში ალიანსის წევრი ქვეყნების 71 სხვადასხვა მოდიფიკაციისა და შესაძლებლობის საფრენი აპარატი და ჯამში დაახლოებით 2000 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

„ეს ბირთვული შეკავების სწავლებაა, მაგრამ მანევრების დროს არც ბირთვული იარაღია გამოყენებული და არც მასთან დაკავშირებული ქმედებები არ არის გათვალისწინებული. შეიძლება, უჩვეულოა, თუმცა ეს ძირითადად საბრძოლო გამანადგურებლებისა და პერსონალის შესაძლებლობების დემონსტრირებაა. Steadfast Noon არის რუტინული წვრთნა და არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული ერის წინააღმდეგ.

წელს ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ მისიას  F-35 მრავალფეროვანი შესაძლებლობებით უხელმძღვანელებს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, შეტევითი შესაძლებლობებით იქნება წარმოდგენილი. ახალი, რაც ხდება, ისაა, რომ  წელს ვაკვირდებით რევოლუციურ ტექნოლოგიებს, განსაკუთრებით კი საფრთხისშემცველ დრონებს. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ სხვა წვრთნების დროს და აქაც ვხედავთ თუნდაც ნიდერლანდური F-35-ების შემთხვევაში, რომლებიც ერთდროულად ბირთვული შეკავებისა და დრონების საწინააღმდეგო მისიებს ასრულებენ“, –  ამბობს პოლკოვნიკი დანიელ ბუნჩი, იგი ნატოს ბირთვული ოპერაციების ხელმძღვანელია.

ნატოს საავიაციო მანევრებში აქტიურად არიან ჩართული ალიანსის ახალი წევრი სახელმწიფოებიც. შვედეთი, რომელიც ალიანსს 2024 წელს შეუერთდა, პირველად ჩაერთო საბრძოლო თვითმფრინავებით ნატოს ბირთვული შეკავების სწავლებაში. მანევრებში მონაწილეობს ფინური საბრძოლო ავიაციაც. სამხედრო მანევრების დიდი ნაწილი ჩრდილოეთის ზღვაში ტარდება, თუმცა წვრთნები  ბირთვული შესაძლებლობების ხმელეთზე დაცვის ამოცანებსაც ითვალისწინებს.

„მსოფლიოში ბუნდოვანი პროცესების ფონზე ბირთვული შეკავება ალიანსის უსაფრთხოების ქვაკუთხედად რჩება, ნატოს ბირთვული ძალა არის ჩვენი თავდაცვის სასიცოცხლო კომპონენტი. წელს ამ მანევრების დროს უფრო მეტად ვცდილობთ, ვაჩვენოთ, როგორ ერთიანდებიან მოკავშირეები, გზავნიან სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავებს ან სხვა შესაძლებლობებს, რათა ეფექტურად ვიმოქმედოთ, როგორც ერთიანი ძალა ნატოს ბირთვული შეკავების მხარდასაჭერად.

ამ მანევრებით გვსურს, დავარწმუნოთ ჩვენი მოსახლეობა, რომ მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გონივრულად ვმოქმედებთ და შეგვიძლია  ნებისმიერი პოტენციური მოწინააღმდეგის შეკავება“, – თქვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბირთვული პოლიტიკის დირექტორმა ჯიმ სტოქსმა.

წვრთნებში ორი ბირთვული სახელმწიფოა ჩართული –  აშშ და დიდი ბრიტანეთი. ალიანსის კიდევ ერთი ბირთვული სახელმწიფო საფრანგეთი არ შეუერთდა ამ მანევრებს, თუმცა ფრანგი სამხედროები შეუერთდნენ ბელგიაში ჩატარებულ მასშტაბურ წვრთნებს. ფართომასშტაბიანი სახმელეთო სწავლება Celtic Uprise 17 ოქტომბერს დასრულდა და მასში თითქმის 2000 სამხედრო მონაწილეობდა. სწავლების დროს მექანიზებული და ქვეითი დანაყოფები სხვადასხვა სამხედრო სასწავლო ამოცანას ასრულებდნენ, ისინი იყენებდნენ უპილოტო საფრენ აპარატებს და სწავლობდნენ სანგრებში ბრძოლასაც.

როგორც ბელგიის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, წვრთნების დროს ითვალისწინებდნენ იმ გამოცდილებას, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ თავდაცვით ომში მიიღეს.

ბელგია ერთ-ერთია ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან, რომლებშიც ამერიკული ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება ინახება. საუბარია B-61 ტიპის ბირთვულ ბომბზე, რომელიც ბელგიის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და თურქეთის საჰაერო ბაზებზე აშშ-ის მეთვალყურეობის ქვეშაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend