ლუქსემბურგში მიმდინარეობს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრა, სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოში მიმდინარე მოვლენები და „ქართული ოცნების” მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკაა. ვიდრე შეხვედრა დაიწყებოდა ევროპელმა პოლიტიკოსებმა საქართველოს შესახებ გააკეთეს განცხადებები.
„ბოლო სამ არჩევნებში, მიმდინარე საპროტესტო აქციებში, ასევე გამოკითხვებში, საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ მთავრობას ეს არ უნდა. როგორც ჩანს, ხელისუფლება არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული“, – განაცხადა მარტა კოსმა, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ელინა ვალტონენმაც, რომელიც გასულ კვირას ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. მან განაცხადა, რომ გზა, რომელზეც საქართველო დგას, ევროპული არ არის და ის არც ქართველი ხალხის არჩევანია.
„განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. ბოლო სამ არჩევნებში, მიმდინარე საპროტესტო აქციებში, ასევე გამოკითხვებში საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ მთავრობას ეს არ უნდა. როგორც ჩანს, ხელისუფლება არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული. როგორც იცით, ოპონენტები დაპატიმრებული არიან, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს კი აჩუმებენ. ამავდროულად, ხელისუფლებაში მყოფი პირების მიერ წახალისებულია ევროპის, ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაცია. ამიტომ ვგმობთ ამ ცრუ ნარატივებს და ვგმობთ ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ჩვენს წევრ სახელმწიფოებზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებასა და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი“, – განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა.
„სამხრეთ კავკასიიდან ახლახან დავბრუნდი, და სამწუხაროდ, რაც საქართველოში ვნახე, ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. რიგითი ადამიანების წინააღმდეგ ქუჩებში რეპრესიები ჩვენთვის მიუღებელია. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს. ეს ძალიან მკვეთრი გზავნილია ჩვენთვის. ცხადია, ეს არ არის ევროპული გზა, მაგრამ ეს არც ის გზაა, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია. ასე რომ, ამ თვალსაზრისითაც სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა.
„გვინდა, რომ ქართველი ხალხის მისწრაფებებს წინსვლის საშუალება მივცეთ ევროპული გზისკენ. გვინდა, რომ ამ მისწრაფებას პატივი სცენ. ეს არის სულისკვეთება, რომლითაც ჩვენ საკითხს განვიხილავთ და საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ.

