მთავარიგადაცემებიCULTკატარი და ჩილე კულტურულ მემკვიდრეობას ერთად იცავენ

კატარი და ჩილე კულტურულ მემკვიდრეობას ერთად იცავენ

ჩილეში ზღვისპირა სოფელ მატანსასში მოხალისეებმა კულტურული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ იშვიათ მცენარეთა ჯიშები აღადგინეს და კედლები ფოლკლორული ორნამენტებით მოხატეს.

ყვავილები, გვიმრები და ტყის ბუჩქნარი – ეს არის მატანსასი, – ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან ორსაათ-ნახევრის სავალზე მდებარე მეთევზეთა პატარა სოფელი. ამ ადგილას ქვეყნის ფლორის ყველაზე მრავალფეროვანი კოლექცი გვხვდება. სწორედ ამ რეგიონში აწარმოებდა 1800-იან წლებში სახელგანთქმული ინგლისელი ბუნებისმეტყველი ჩარლზ დარვინი კვლევებს, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა მის ცნობილ ევოლუციის თეორიას.

სწორედ ამ სანაპიროზე დადიოდა დარვინი  საუკუნეების წინ. თუმცა  მატანსასის შემოგარენში გავრცელებული მცენარეები დარვინის მოგზაურობამდე დიდი ხნით ადრე ხარობდნენ იმ კლდეზე, რომელზეც დღეს იგნასია ეჩევერია მოხალისეთა ჯგუფს ასწავლის, თუ როგორ აღადგინონ აქ ენდემური ბუჩქნარი.

ეს სემინარი ენდემური მცენარეების გამრავლებაზე ყურადღებას ორი ფაქტორის გამო ამახვილებს:  ერთია,  რომ შეიქმნას ბიოლოგიური დერეფანი მწერების, ფრინველებისა და ცხოველთა სხვა სახეობების მოზიდვის მიზნით და მეორე კი – რომ გაამაგროს სანაპირო ზოლის ნიადაგი.

იგნასიასა და მის გუნდს შეუერთდნენ მოხალისეები, რომლებიც კატარის მუზეუმის „კულტურის წლების“ (Years of Culture) ინიციატივის ფარგლებში ჩამოვიდნენ. ისინი ხელით შრომასაც არ თაკილობენ, რადგან იციან, რომ ამით კარგ საქმეს ემსახურებიან.

ხეების დარგვის გარდა, ეს სემინარი  სხვა ტიპის ხელით შრომასაც მოიცავს, რომლის დროსაც მოხალისეები მცენარეების ნაცვლად საღებავებს იყენებენ.

ქუჩის შენობების მოხატვა ჩილეში თვითგამოხატვის საშუალებად 1970-იანი წლებიდან იქცა. სადაც კი ფეხს დადგამ, ყველგან თვალში მოგხვდება ფერადი ნახატები. დღეს კატარელი მოხალისეებიც თავიანთ ხელწერას ტოვებენ ამ კედლებზე და ჩილეს კულტურისთვის დამახასიათებელი ორნამენტების გარდა კატარის კულტურისთვის ჩვეულ სიმბოლოებსაც ხატავენ. ისინი ფიქრობენ, რომ მიუხედავად კატარსა და ჩილეს შორის ათასობით კილომეტრზე გადაჭიმული ოკეანისა თუ ხმელეთისა, ამ ორ ქვეყანას უფრო მეტი აერთიანებს, ვიდრე განასხვავებს.

ავტორი: ევრონიუსი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend