კატეგორიები

გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში შედის

გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში შედის

გიორგი გახარიას პარტიის თითქმის ერთწლიანი პოლიტიკური ბოიკოტი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით დასრულებულია. 20 ოქტომბრის ბრიფინგზე ოპოზიციური პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ საზოგადოებას ამცნო, რომ ყოფილი პრემიერის პარტია პარლამენტში, რომელსაც არალეგიტიმურს ეძახდნენ, საპარლამენტო მუშაობას შეუდგება. გასულ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულ დანარჩენ სამ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად გამოცხადებულ ბოიკოტს კი შეცდომას უწოდებენ.

„ერთი წლის წინ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთხმად მიიღო პარლამენტის ბოიკოტის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ „ოცნების” ბოროტების მანქანა ვერ შეაჩერა და ვერ მოახდინა დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ქვეყნისთვის ისეთი დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია, როგორიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ანტიდემოკრატიული და ადამიანის უფლებების შემლახველი კანონების მიღება, ავტოკრატიული რეჟიმის დამძიმება, მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოპარვა და სხვა ბევრი დანაშაულებრივი, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.

პარლამენტის ბოიკოტმა, რაც მთელი პოლიტიკური პროცესის ბოიკოტში გადაიზარდა, ოპოზიცია, ფაქტობრივად, გააქრო პოლიტიკური ასპარეზიდან.

საქართველოს პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების ხმა და განსხვავებული აზრი უნდა ისმოდეს! დროა, ტყუილს სიმართლით, ზიზღისა და სიძულვილის ენას გონიერი, მშვიდი, ზომიერი და თანმიმდევრული ნაბიჯებით ვუპასუხოთ!” – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები არ მალავენ, რომ მიესალმებიან ოპოზიციური პარტიის ამ გადაწყვეტილებას, თუმცა, იქვე ამბობენ, რომ მათი შესვლით არც არაფერი მიემატება საპარლამენტო ცხოვრებას და არც არყოფნით აკლდა რამე. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უცხოეთიდან მართული გეგმა, ხელისუფლების შეცვლის შესახებ ჩავარდა და ახლა უბრალოდ მათ სხვა არჩევანი არ აქვთ.

უცხოელების დავალებით ჩახსნეს მანდატები და მზადება დაიწყეს ხელისუფლების დამხობისა და რევოლუციისკენ. ჩაეფუშათ ეს რევოლუციაც და დარჩნენ ახლა ასე მიგდებულები გარეთ. გახარიას პარტიას რაც შეეხება, მათ მანდატები შეინარჩუნეს და შემოსულები არიან [პარლამენტში]. 12 წევრი პარლამენტის წევრად ითვლება, უბრალოდ აცდენენ საპარლამენტო სხდომებს. ამ გაცდენას თუ შეწყვეტენ, მათი გადასაწყვეტია. ამით არც არაფერი მოაკლდება და არც არაფერი დააკლდება მათ ყოფნით ან არყოფნით. თუმცა საინტერესო იქნება მათი აქ ყოფნა იმ მხრივ, რომ ჩვენ პირდაპირ შეგვეძლება მოვისმინოთ უცხოეთიდან მითითებული გზავნილები. ჩათვალეთ, რომ რასაც გაიგებთ ამ 12 ადამიანისგან, რასაც მოისმენთ, ეს არის დავალება, რაც გარედან მოდის. ასე რომ, ამ მხრივ საინტერესო იქნება”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილი „გახარია – საქართველოსთვის“ ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და იმასაც ამბობენ, რომ გიორგი გახარიასგან ეს მოსალოდნელიც იყო. „ლელო – ძლიერი საქართველო“ კი ნეიტრალურ პოზიციას იჭერს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამეგობრებულ კოლეგა პარტიას არც აკრიტიკებს და არც იწონებს ამ გადაწყვეტილებას.

„გახარიას პარტია აღარ არსებობს. მას განაჩენი 4 ოქტომბერს გამოუტანა ხალხმა. მისი ნარჩენები თავს რას შეაფარებენ, უმნიშვნელოა. დავით ბაქრაძეც შევარდა 2020 წლის პარლამენტში – და რა? ბოლოს როდის ნახეთ?“- წერს „ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.

პარტიას „გახარია – საქართველოსთვის“ პარლამენტში 12 საპარლამენტო მანდატი აქვს, რაც ფრაქციის შექმნის საშუალებასაც აძლევს. საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად მხოლოდ ერთი – „ქართული ოცნების“ ფრაქციაა. რიგ კომიტეტებში ასევე ვაკანტურია კომიტეტის თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა. ჯერ უცნობია, რამდენად ითანამშრომლებენ „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრის პარტიის დეპუტატები მმართველ უმრავლესობასთან და როგორ გაგრძელდება პოლიტიკა კანონშემოქმედებით სივრცეში.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები