მთავარისაქართველოევროკავშირმა შესაძლოა „გარკვეული ჯგუფებისთვის“ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია შეაჩეროს

ევროკავშირმა შესაძლოა „გარკვეული ჯგუფებისთვის“ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია შეაჩეროს

ევროკავშირმა შესაძლოა „გარკვეული ჯგუფებისთვის“ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია შეაჩეროს. ევროკომისია შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მანვე თქვა ისიც, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიწვეული არ იყო მინისტერიალზე, რომელიც დღესვე, 20 ოქტომბერს, შავი ზღვის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მონაწილეობით გაიმართა.

როგორც კაია კალასი აცხადებს, სხდომაზე, რომლის დღის წესრიგშიც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში შექმნილი ვითარებაც იყო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოში ვითარება კვლავ უარესდება. მისივე სიტყვებით, ზომები, რომელთაც საქართველოს მთავრობა თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებს, ევროპულ პრინციპებს სრულიად ეწინააღმდეგება.

„ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ვითარება გაუარესებას განაგრძობს. პერსონალური თავდასხმები ევროკავშირის ელჩებზე მიუღებელია და ამის ადგილი დიპლომატიაში არ არის. ევროკომისია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს წლის ბოლომდე წარადგენს. ახალი რეგულაციები, რომლებიც ნოემბერში შევა ძალაში, გარკვეული ჯგუფებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გაუქმების საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა კაია კალასმა.

„საქართველოს მთავრობა საკუთარ ხალხს არ უსმენს და არ სურს ევროპული გზით სიარული“, – განაცხადა მარტა კოსმა, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

მედიასთან კომენტარი გააკეთა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ელინა ვალტონენმაც, რომელიც გასულ კვირას ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. მან თქვა, რომ გზა, რომელზეც საქართველო დგას, ევროპული არ არის, და ის არც ქართველი ხალხის არჩეულია.

„ბოლო სამ არჩევნებში მიმდინარე საპროტესტო აქციებში, ასევე გამოკითხვებში, საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მთავრობას კი არა. როგორც ჩანს, ხელისუფლება არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული. როგორც იცით, ოპონენტები დაპატიმრებული არიან, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს კი აჩუმებენ. ამავდროულად, ხელისუფლებაში მყოფი პირების მიერ წახალისებულია ევროპის, ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაცია. ჩვენ ვგმობთ ამ ცრუ ნარატივს და ვგმობთ ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ჩვენს წევრ სახელმწიფოებზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი“, –  განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა.

„სამხრეთ კავკასიიდან ახლახან დავბრუნდი, და სამწუხაროდ, რაც საქართველოში ვნახე, ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. რიგითი ადამიანების წინააღმდეგ ქუჩებში რეპრესიები ჩვენთვის მიუღებელია. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს. ეს ძალიან მკვეთრი გზავნილია ჩვენთვის. ცხადია, ეს არ არის ევროპული გზა, მაგრამ ეს არც ის გზაა, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია. ასე რომ, ამ თვალსაზრისითაც სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 20 ოქტომბრის შეხვედრის მთავარ საკითხებს შორის იყო რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენებიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend