კატეგორიები

„არა რუსულ რეფორმებს!“- საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან

„არა რუსულ რეფორმებს!“- საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან

„არა რუსულ რეფორმებს!“- ამ სახელწოდებით განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

შეკრებილი პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და განათლების ექსპერტები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების” განათლების რეფორმის მიზანი არა განათლების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ კრიტიკული აზრის ჩახშობა, ცენზურა, სასწავლო დაწესებულებებში პარტიული პოლიტიკის გატარება და ქართული უმაღლესი განათლების ევროპული აკადემიური სივრცისგან იზოლირებაა.

„დოკუმენტი, რომელიც წარმოგვიდგინეს. ძალიან შორს არის რეფორმისგან, ეს არის პოლიტიკური მიზნების მატარებელი დოკუმენტი, რომელიც ნიშნავს ორ მთავარ რამეს: პირველი ევროპული საგანმანათლებლო სივრცისგან ჩვენს ჩამოშორებას და მეორე – არასასურველი კადრებისგან უნივერსიტეტების გაწმენდას.

განათლების რეფორმაზე უნდა იმსჯელონ სპეციალისტებმა, ჩართულმა მხარეებმა და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა გადავწყვიტოთ საით მივდივართ, ეს საზოგადოებას უკვე გადაწყვეტილი აქვს, მივდივართ ევროპისა და დასავლური განათლებისკენ”, – განაცხადა განათლების ექსპერტმა, ნანა ტოხვაძემ.

„11-წლიან სწავლაზე გადასვლას აქვს 3 მნიშვნელოვანი პრობლემა: ერთი არის საერთაშორისო განზომილება და ჩვენ ვცილდებით ევროპულ განათლებას, სადაც 12 წელი არის მინიმალური და ზოგან არის 13 წელი. ვუახლოვდებით იმ სამყაროს, რომელიც მაინცდამაინც არ მოგვწონს, მაგალითად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსული განათლების სისტემა მოქმედებს. იქ არის 11-წლიანი განათლება. მეორე პრობლემა არის ის, რომ პროგრამა არის გადატვირთული ისედაც და თუ 11 წელში შევეცდებით, რომ ჩავატიოთ ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ეს ახალ პრობლემებს აჩენს და მესამე პრობლემა არის, რომ ადრე იწყებს ახალგაზრდა გადაწყვეტილების მიღებას საკუთარი მომავლის შესახებ, უფრო ადრე ვიდრე ეს საჭიროა.

თუ აქამდე 18 წლის წყვეტდა, წასულიყო უმაღლესში თუ არ წასულიყო და რა მიმართულებით წასულიყო, ახლა 17 წლისას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება და უმაღლესებშიც სამწლიანი პროგრამები უკვე დაიწყება სპეციალობების მიხედვით”, – ამბობს განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები