მთავარიევროპაუნგრეთი„რა თქმა უნდა, პატივისცემით მივიღებთ რუსეთის პრეზიდენტს“ - ამბობენ ბუდაპეშტში

„რა თქმა უნდა, პატივისცემით მივიღებთ რუსეთის პრეზიდენტს“ – ამბობენ ბუდაპეშტში

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბუდაპეშტი მზად არის, უმასპინძლოს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას.

ჯერჯერობით უცნობია შეხვედრის თარიღი, სადაც საუბრის მთავარი თემა იქნება უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი ომი. უნგრელი დიპლომატის განცხადებით, მოლაპარაკებების ზუსტ დროზე საუბარი შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც მომდევნო კვირაში შედგება აშშ-ისა და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა.

პიტერ სიიარტო ამბობს, რომ უნგრეთის ინტერესია, უკრაინაში ომი დასრულდეს. მისი განმარტებით, უნგრეთმა ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისში „არჩია მშვიდობის გზა“:

„სამწელიწად-ნახევრის წინ, როცა ომი დაიწყო, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ უნგრეთი მზად იყო, გაეკეთებინა ყველაფერი უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად. მაშინ მე ეს ვუთხარი როგორც ჩვენს რუს, ისე უკრაინელ პარტნიორებს. უკვე სამწელიწად-ნახევარია, ჩვენ მტკიცედ ვინარჩუნებთ ამ პოზიციას – ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ და გვსურს მშვიდობა. სამწელიწად-ნახევარმა დაამტკიცა, რომ ეს ომი არ გადაწყდება ბრძოლის ველზე. დამტკიცებულია, რომ ეს ომი დასრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ მოლაპარაკებების მაგიდასთან.

ნებისმიერ ამბავს, რომელიც შეეხება ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებას, ჩვენ აღვიქვამთ, როგორც რაღაც ფანტასტიკურს. ეს თვალსაჩინოდ ისტორიული მაგალითია იმისთვის, რომ მშვიდობის შანსი არსებობს ყოველთვის, თუ მსოფლიოს ორ ზესახელმწიფოს შეუძლია ერთმანეთთან ცივილიზებული თანამშრომლობა. ბოლო სამწელიწად-ნახევარმა დაამტკიცა, რომ რუსულ-ამერიკულ თანამშრომლობას შეუძლია, უზრუნველყოს მშვიდობა ცენტრალურ ევროპაში. სწორედ ამიტომ, ბოლო სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენზე ვერ მოახდინეს ზეწოლა, რომელიც გვაიძულებდა, შეგვეწყვიტა თანამშრომლობა და ურთიერთობა რუსეთთან. ჩვენ არ ვიყავით მზად თვითიზოლაციისთვის.

სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ ვინარჩუნებდით დიპლომატიურ არხებს. უკვე დამტკიცებულია, რომ ჩვენ ვართ ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, ერთადერთი ხელისუფლება, ჩვენ გვყავს ერთადერთი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც შეუძლია, ერთდროულად მსოფლიოს ყველა ზესახელმწიფოსთან ჰქონდეს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტური თანამშრომლობა“.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს, თანაბრად „კარგი ურთიერთობა აქვს“ ყველა ზესახელმწიფოს ლიდერთან: „უნგრეთის პრემიერ-მინისტრს აქვს კარგი ურთიერთობა ამერიკის პრეზიდენტთან და ამასთან, მას შეუძლია, ცივილიზებული თანამშრომლობა რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებთან“.

პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი მზად არის, პატივისცემით უმასპინძლოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი აქვს გაცემული ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე, თუმცა ბუდაპეშტმა 20 მაისს დაამტკიცა კანონპროექტი „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან“ გასვლის შესახებ. უნგრეთის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ არ აპირებენ „რომის სტატუტის“ აღსრულებასა და რუსეთის პრეზიდენტის დაკავებას:

„რა თქმა უნდა, ჩვენ აქ, უნგრეთში, ბუდაპეშტში მზად ვიქნებით უზრუნველვყოთ ყველა შესაბამისი პირობა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებისთვის, რათა მათ შეძლონ მოლაპარაკებების წარმოება უსაფრთხო და მშვიდ ვითარებაში. უნგრეთი ეს არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, ასევე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფო მსოფლიოში, ამიტომ თუ სადმე უნდა ტარდებოდეს ლიდერების შეხვედრა, ეს აქ უნდა იყოს… რა თქმა უნდა, ჩვენ პატივისცემით მივიღებთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ის ეწვიოს უნგრეთს, წარმატებით ჩაატაროს მოლაპარაკებები და შემდეგ დაბრუნდეს სამშობლოში. არავისთან არის საჭირო კონსულტაციები. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო. აქ ჩვენ პატივისცემით მივიღებთ ვლადიმერ პუტინს, შევუქმნით მას შესაბამის პირობებს ამერიკის პრეზიდენტთან სასაუბროდ…

უკვე სამწელიწად-ნახევარია, ჩვენ მშვიდობისკენ მივისწრაფვით, ჩვენ გვსურს მშვიდობა, რათა უნგრელმა ხალხმა შეძლოს უსაფრთხოდ ცხოვრება. თუკი მეზობელ სახელმწიფოში ომია, ეს ყოველდღიური საფრთხეა. გვინდა, რომ უნგრელმა ხალხმა უსაფრთხოდ იცხოვროს და ამისთვის გვჭირდება მშვიდობა უკრაინაში“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend