ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, ოთარ ფარცხალაძე და მათთან დაკავშირებული კიდევ რვა პირი გაჩხრიკეს – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს დილის ათი საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 22 ადგილას მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა.
ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლებისა და პირადი ჩხრეკა. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა”, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

მისივე თქმით, ჩრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით თანხა.
გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგზე თქვა ისიც, რომ საქმეებზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება.
