კატეგორიები

EPP: „მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას”, უარი თქვას პარტიების აკრძალვის განზრახვაზე”

EPP: „მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას”, უარი თქვას პარტიების აკრძალვის განზრახვაზე”

„„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა დემოკრატიული პარტიები, თავისთავად ნიშნავს ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას საქართველოში“, – ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციაში, რომელიც პარტიის პოლიტიკურმა ასამბლეამ დღეს დაამტკიცა.

„ევროპის სახალხო პარტია“ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში „მზარდი ავტორიტარული უკუსვლისა და სრულმასშტაბიანი საკონსტიტუციო, პოლიტიკური და ადამიანის უფლებების კრიზისის“ გამო.

დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ „პოლიტიკური დისიდენტობის ჩახშობა, მათ შორის პოლიტიკური მოტივით პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნა, რეპრესიული კანონმდებლობის მიღება და სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიის არსებობას საქართველოში და არღვევს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს“.

რეზოლუციით „ევროპის სახალხო პარტია“ მოუწოდებს ევროკავშირსა და ბლოკის წევრ სახელმწიფოებს, არ ცნონ „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა, რადგან 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, მათივე შეფასებით, ფუნდამენტურად გაყალბდა.

პარტია მოუწოდებს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, პერსონალური სანქციები დაუწესონ „რეჟიმის მმართველ, ფინანსურ და პროპაგანდისტულ ელიტებს, ასევე არჩევნების გაყალბებაში, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაში პასუხისმგებელ პირებს”.

ამასთან, რეზოლუციით „ევროპის სახალხო პარტია“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, „დაადგინოს კონკრეტული თარიღი ახალი, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად“.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები