კატეგორიები

ბრიუსელში გმობენ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს

ბრიუსელში გმობენ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) შეშფოთებულია 16 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მიერ წინააღმდეგობის გარეშე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით.

მმართველი პარტიის მიერ შეტანილი შესწორებებით მარტივდება მექანიზმი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში საშუალებას იძლევა აკრძალოს კონკრეტული პოლიტიკური პარტია და შეზღუდოს კონკრეტული პოლიტიკოსის საქმიანობა.

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) აცხადებს, რომ ასეთი აკრძალვა, ფაქტობრივად, ერთპარტიულ დიქტატურას ამყარებს.

EPP რეზოლუციით მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გააუქმოს საჯაროდ გამოცხადებული განზრახვა, მათი პარტნიორი „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.

დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პრემიერი ირაკლი კობახიძე აფასებს როგორც „გარკვეული ტექნიკური საკითხების დაზუსტებას“. მისი მტკიცებით, აკრძალვა მხოლოდ ყოფილ სახელისუფლებო პარტიასა და მასთან დაკავშირებულ გაერთიანებებსა თუ პირებს შეეხებათ, რომელთაც „ქართული ოცნება“ „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს.

„ჩვენთვის მთავარია, რომ გამართული სარჩელი შევიტანოთ საკონსტიტუციო სასამართლოში იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. იმ პირობებში როდესაც, მმართველი გუნდის ერთადერთი ოპონენტია კრიმინალური პოლიტიკური ძალა – „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ – სახით, რა თქმა უნდა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება…“

უკვე დამტკიცებული კანონის ერთ-ერთი ინიციატორი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მიღებული ცვლილებები სრულად „შეესაბამება ყველა საერთაშორისო სტანდარტს“.

მმართველი პარტიის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებენ და სანქციების დაწესებაზე საუბრობენ ევროკომისიაში. კერძოდ, ამ საკითხზე საუბრობს ევროკომისიის პრესსპიკერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში:

„„ქართული ოცნება“ განაგრძობს რეპრესიული ზომების მიღებას. აშკარაა, რომ ეს ზომები შთაგონებულია რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ. აქამდეც ითქვა და ახლაც ვამბობ, რომ ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ძალადობას. რა თქმა უნდა, ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, არ დარჩება შეუმჩნევლად. ამიტომაც, ჩვენ ვმუშაობთ სანქციებზე.

ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არანაირი ფული არ გაიგზავნოს საქართველოს ხელისუფლებისთვის. ვმუშაობთ, სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტებისა და ყველა იმ მოქალაქის მხარდასაჭერად, ვინც მშვიდობიანი ფორმით იბრძვის უკეთესი მომავლისთვის, არ კარგავს იმედს და არ ამბობს უარს ევროპულ ღირებულებებზე“.

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ბრძოლას ყველა ფორმით გააგრძელებს და გამოიყენებს ყველა შესაბამის ბერკეტს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ „მზად არიან ყველა სცენარისთვის“.

16 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ შესწორებები შეიტანა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“, ასევე „საარჩევნო კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“. პარლამენტში მმართველი პარტიის ინიციატივას მოწინააღმდეგე არ ჰყოლია.

პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ამავე დღეს მესამე მოსმენით და საბოლოოდ, „ქართულმა ოცნებამ“ გაამკაცრა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობაც. წინააღმდეგი აქაც არც ერთი დეპუტატი ყოფილა.

დამტკიცებული ცვლილებების შედეგად, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ცეცხლსასროლ ან ცივ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება. ამის ნაცვლად, პირს შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე ვადით.

ჯარიმის კომპონენტი გაუქმებულია აქციაზე სახის დაფარვისთვის, ცრემლმდენი საშუალების ფლობისა და გზის გადაკეტვისთვის.

თუკი მანამდე პირი განმეორებით ჯარიმდებოდა, ან ეკისრებოდა მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობა, ამ ქმედებების ხელახლა ჩადენა გამოიწვევს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო მესამე და ყოველ შემდეგ ჯერზე, პირი დაისჯება ორ წლამდე პატიმრობით.

სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა კიდევ ერთი მუხლი. პოლიციელის მესამედ შეურაცხყოფა ან მისი განკარგულებისადმი მესამედ დაუმორჩილებლობა დასჯადი გახდება. სასჯელი კი ერთ წლამდე პატიმრობა იქნება, რეციდივის შემთხვევაში – ორ წლამდე.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები