„ქართულმა ოცნებამ“ წინააღმდეგობის გარეშე მიიღო ყველა ის საკანონმდებლო ცვლილება, რომლის შესახებაც 13 ოქტომბერს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
81 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით პარლამენტმა მხარი დაუჭერა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ პირებს აკერძალებათ პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და საარჩევნო პროცესში მონაწილეობა.
ცვლილებები შევიდა ორგანულ კანონებში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“, „საარჩევნო კოდექსში“, ასევე „სისხლის სამართლის კოდექსში“.
შეზღუდვები ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, აკრძალოს კონკრეტული პარტია. პოლიტიკოსებს არც სხვა პარტიაში გაწევრება შეეძლებათ, ხოლო თუკი კონრკეტული პოლიტიკური სუბიექტი პოლიტიკოსს საკუთარ რიგებში გააწევრებს, მას „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი არის დემოკრატიული გაჯანსაღების პროცესი, მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა და, მათივე მტკიცებით, „1 120 000 ამომრჩევლის დაკვეთა“.
მმართველი პარტიის საკანონმდებლო შეზღუდვების სამიზნე „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, დავა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელოს და ყველა ბერკეტი გამოიყენოს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
16 ოქტომბერს ცვლილებები შევიდა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში. შესწორებებს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი იყო.
დამტკიცებული ცვლილებების შედეგად, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ცეცხლსასროლ ან ცივ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება. ამის ნაცვლად, პირს შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე ვადით.
ჯარიმის კომპონენტი გაუქმებულია აქციაზე სახის დაფარვისთვის, ცრემლმდენი საშუალების ფლობისა და გზის გადაკეტისთვის.
თუკი მანამდე პირი განმეორებით ჯარიმდებოდა ან ეკისრებოდა მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობა, ამ ქმედებების ხელახლა ჩადენა გამოიწვევს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო მესამე და ყოველ შემდეგ ჯერზე, პირი დაისჯება ორ წლამდე პატიმრობით.
სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა კიდევ ერთი მუხლი. პოლიციელის მესამედ შეურაცხყოფა ან მისი განკარგულებისადმი მესამედ დაუმორჩილებლობა დასჯადი გახდება. სასჯელი კი ერთ წლამდე პატიმრობა იქნება, რეციდივის შემთხვევაში – ორ წლამდე.
შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების დარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ გავრცელდება არასრულწლოვან პირებზე. ცვლილებების მეორედ, საკომიტეტო მოსმენისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ ასეთი დარღვევის შემთხვევაში, არასრულწლოვანებზე სისხლის სამართლებრივი ჯარიმა, პასუხისმგებლობა გამოსასწორებელი სამუშაოთი – 1 წლამდე ვადით ან ამავე ვადით თავისუფლების აღკვეთა იქნებოდა გათვალისწინებული.
მოგვიანებით, არჩილ გორდულაძის განცხადებით, „კონსულტაციების საფუძველზე გადაწყვიტეს“, რომ ასეთი ჩანაწერის გაკეთება „მიზანშეწონილი აღარ არის”
„ქართული ოცნება“ მიღებულ ცვლილებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ აქამდე მოქმედი კანონმდებლობა არ იყო საკმარისად ეფექტური. ოპოზიციისთვის კი მმართველი პარტიის საკანონმდებლო შესწორებები რეპრესიების მექანიზმად ფასდება.