მთავარისაქართველოშსს-ს ცნობით, 24 საათში ნარკოდანაშაულში ბრალდებული 47 პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, 24 საათში ნარკოდანაშაულში ბრალდებული 47 პირი დააკავეს

გასული 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რაიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული 47 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს, 16 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებულთა უდიდეს ნაწილს ბრალად ნარკოტიკების რეალიზაცია ედება, ნაწილსაც – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, უკანონო რეალიზაციის მცდელობა და ხელშეწყობა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერებით დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზით სისტემატურად ყიდდნენ.

პოლიციამ დაკავებულების ავტომობილების, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „სუბოქსინი“, ,,სუბოტექსი”, „მეტამფეტამინი“, „ჰაშიში“, „ოპიუმი“, „მარიხუანა“ და „მცენარე „კანაფი“…

ჩვენ მიერ გაცხადებული პოლიტიკა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მკაფიო და უცვლელია – კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას!“- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend