მთავარისაქართველოელინა ვალტონენი საქართველოში 5000 ლარით დაჯარიმდა - პოლიტიკური შეფასებები

ელინა ვალტონენი საქართველოში 5000 ლარით დაჯარიმდა – პოლიტიკური შეფასებები

საქართველოში ვიზიტად მყოფი ელინა ვალტონენი, რომელიც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და ამავე დროს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს არ შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ შეხვედრზე თავად ირაკლი კობახიძემ თქვა აუარი. ის, თუ რატომ ჩაიშალა დაგეგმილი შეხვედრა, ახლა პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

თავად ელინა ვალტონენი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ქართველ ხალხს, თავისუფალი არჩევანის უფლება შეეზღუდა და კიდევ ბევრი მიმართულებით ეზღუდება გამოხატვის თავისუფლება. ვალტონენი წერს, რომ იგი ირაკლი კობახიძეს ფინეთში იწვევს თავისუფალი მედიისა და თავისუფალი საზოგადოების დემონსტრაციის სანახავად. შემდეგ კი, პოსტსკრიპტუმად, პრემიერს ბოდიშს უხდის, რომ გეგმების ცვლილების გამო ვერ შეძლო მასთან შეხვედრა.

„საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთო-ს ყველა მონაწილე ქვეყანას. იმისთვის, რომ ხალხმა შეძლოს ამ უფლების გამოყენება, მათ სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ, რათა სხვადასხვა პოლიტიკური ვარიანტებიდან გააკეთონ არჩევანი.

ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე და ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან 50 წლის შემდეგ, ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას დააკვირდეთ.

P.S. ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია“, – წერს ვალტონენი.

ვალტონენის ამ განცხადების საპასუხოდ, განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც შეშფოთებაა გამოთმული მის  ვიზიტთან დაკავშირებით და უწყება, ეუთოს სამდივნოს და მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს.

„ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის განხორციელებული პროგრამის ფარგლებს მიღმა, ანტისამთავრობო აქტივისტთა მცირე ჯგუფთან მისვლა და არალეგალურად, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, ასევე მინისტრ ვალტონენის მიერ გაკეთებული განცხადებები, მიზნად ისახავს შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის სულისკვეთებას და შეიძლება, ჩაითვალოს თავმჯდომარის მანდატის ბოროტად გამოყენებად, რაც აზიანებს ნდობასა და მოსალოდნელ ნეიტრალიტეტს. ეწინააღმდეგება სუვერენიტეტის პატივისცემასა და შიდა საქმეებში ჩაურევლობას, როგორც ეს ასახულია ჰელსინკის დასკვნით აქტში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლის საკითხზე, ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ვანტონენს ირაკლი კობახიძე, ოპოზიციის აქციაში მონაწილეობისა და რუსთაველის გამზირიდან გაკეთებული ვიდეომიმართვის გამო არ შეხვდა. მეტიც, ისინი სამარცხვინოს უწოდებენ ეუთოს თვამჯდომარის გადაწყვეტილებასა და განცხადებებს და მას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებენ.

„ეს მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამე – არ არსებობს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ეს ყველაფერი არის ქიმერა, მოფიქრებული კონსტრუქტი იმისთვის, რომ თავს მოახვიონ პატარებს და სუსტებს და ჩვენ გვესაუბრონ, თითქოს რაღაც წესრიგი არსებობს, თითქოს რაღაც ნორმებია, რომელსაც ყველა სახელმწიფო ემორჩილება. ამის დასტური იყო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც აქ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის მანდატით იმყოფებოდა. ეუთოს თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კანონსაწინააღმდეგო შეკრებაში თავისი მონაწილეობით, თბილისელებს გადაგვიკეტა გზა და ფაქტობრივად, ამით დაგვანახა, რომ არაფერს არ ნიშნავს ქართული სახელმწიფო“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი ამბობენ, რომ აქციაზე ელინა ვალტონენის მისვლა და პროევროპული კურსის მომხრეთა მონახულება, “ქართული ოცნების“ მხრიდან მხოლოდ საბაბია დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების გამო.

ოპოზიციის ნაწილი მიესალმება ვალტონენის გადაწყვეტილებას, რომ მან არა ირაკლი კობახიძესთან, არამედ უწყვეტი აქციის მონაწილეებთან გადაწყვიტა მისვლა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა,  საქმეში კიდევ ერთი უწყება ჩაერია. უცხოელი პოლიტიკოსი ელინა ვალტონენი შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რუსთაველის გამზირზე “გზის გადაკეტვისთვის” 5000 ლარით დააჯარიმა. პოლიტიკური დისკუსია ამ საკითხზე გრძელდება.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend