მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპის თქმით, ინდოეთი რუსეთისგან ნავთობს აღარ შეიძენს

დონალდ ტრამპის თქმით, ინდოეთი რუსეთისგან ნავთობს აღარ შეიძენს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ინდოეთის პრემიერ-მინისტრისგან ნარენდრა მოდისგან პირობა მიიღო, რომ ინდოეთი რუსეთისგან ნავთობის შეძენას შეწყვეტს.

დონალდ ტრამპის თქმით, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიმართულებით, რადგან რუსეთი ომის დაფინანსებას ვეღარ შეძლებს. დონალდ ტრამპის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ინდოეთის მთავრობას საპასუხო ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შეეცდება, იგივე პირობა ჩინეთისგან მიიღოს. სწორედ ჩინეთი და ინდოეთი ყიდულობენ რუსულ ნავთობს ყველაზე დიდი ოდენობით.

„ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ უკმაყოფილო ვართ, რომ ინდოეთი ნავთობს რუსეთისგან ყიდულობს, რადგან ეს რუსეთს საშუალებას აძლევს, გააგრძელოს ეს უაზრო ომი, სადაც მათ მილიონ-ნახევარი ადამიანი დაკარგეს. რუსეთმა მილიონ-ნახევარი ადამიანი დაკარგა, ძირითადად ჯარისკაცები.

ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო. ეს არის ომი, რომელიც რუსეთს ერთ კვირაში უნდა მოეგო, თუმცა ახლა მეოთხე წელია, მიმდინარეობს. მე მისი დასრულება მინდა. შესაბამისად, არ მიხაროდა, ინდოეთი ნავთობს რომ ყიდულობდა. ნარენდრა მოდიმ დღეს დამარწმუნა, რომ ისინი ნავთობს რუსეთისგან აღარ იყიდიან.

ახლო აღმოსავლეთი 3000-წლიანი საკითხია და ჩვენ ის დავასრულეთ, ეს სამწლიანი. ვფიქრობ, მასაც დავასრულებთ. ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს მისი დასრულება სურს. ვნახოთ… მასსა და ზელენსკის შორის ძალიან დიდი სიძულვილია, ალბათ შეამჩნევდით. ვფიქრობ, ეს პროცესს აფერხებს”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მიმართ. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი კონფლიქტის დასრულების გზაზე ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend