კატეგორიები

ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გააუქმა

ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გააუქმა

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას აუქმებს.

„გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, გუშინ, 14 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა და დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„საქართველოში, თბილისში პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რათა გამოხატონ პროტესტი ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიულ მოვლენებზე. მათ აქვთ გამოხატვის უფლება და ყველა ის უფლება, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს მოიცავს. აქ მათ მხარდასაჭერად ვართ“, – დაწერა მან მოგვიანებით პლატფორმა X-ზე და სპეციალური ვიდეომიმართვაც გაავრცელა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ელინა ვალტონენი გუშინ, 14 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია და ხაზი გაუსვა ეუთოს დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მნიშვნელობას. ელინა ვალტონენმა კი შეხვედრის შემდეგ დაგმო ოპოზიციის ლიდერების დაკავება, რაც, მისი თქმით, არაპროპორციული იურიდიული პროცედურების შედეგად ხდება.


.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის ქართველ კოლეგას ესაუბრა იმ შემზღუდავი კანონმდებლობის შესახებაც, რომელიც ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იპოვოს გზა ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, ნდობის აღსადგენად და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად“, – განაცხადა დიპლომატმა და დასძინა, რომ ეუთოს ინსტიტუტები მზად არიან, მხარი დაუჭირონ საქართველოს ამ ვალდებულებების შესრულებაში.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები