ერევანი-თბილისი-ბაქო – სამხრეთ კავკასიაში სამდღიან ვიზიტს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი აზერბაიჯანის დედაქალაქში ასრულებს.
პლატფორმა X-ზე დიპლომატი წერს, რომ უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, რომელსაც სომხეთთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება მიულოცა. ელინა ვალტონენისგან ასეთივე მილოცვა ორი დღით ადრე მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმაც.
მეზობელი სახელმწიფოსგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ეუთოს თავმჯდომარე მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. გაუქმდა პრემიერთან დაგეგმილი შეხვედრა. ოფიციალურ მიზეზად მთავრობის ადმინისტრაციამ დიპლომატის რუსთაველის გამზირზე, უწყების შეფასებით, „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში“ მონაწილეობა და ელინა ვალტონენის მხრიდან „ცრუ განცხადებები“ დაასახელა.
გაუქმებულ შეხვედრასთან დაკავშირებით თბილისისგან განსხვავებული ინფორმაცია აქვს ჰელსინკის. ავტორიტეტიანი ფინური გამოცემის, „ჰელსინგინ სანომატის“ თანახმად, ეუთოს თავმჯდომარემ და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბრისას მათ აცნობა, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა ელინა ვალტონენის ინიციატივით გაუქმდა, მიზეზად კი დღის წესრიგის ცვლილება დასახელდა. გამოცემის თანახმად, ცვლილების შესახებ ქართულ მხარეს დიპლომატმა 14 ოქტომბრის საღამოს აცნობა.
პრემიერთან გაუქმებული შეხვედრის მიუხედავად, ეუთოს თავმჯდომარეს არ გააუქმებია ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავად ნახა, როგორც ცხოვრობს საქართველო განგრძობითი რუსული ოკუპაციის პირობებში. დიპლომატის მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ასე შეაფასა:
„ამაზეა ნათქვამი, „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”, ძალიან კარგია და მადლობელი ვართ, რომ ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა, სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ შენ არ უნდა ჩაერიო ამ ქვეყნის საქმეებში, არ უნდა დაიჭირო ამ ქვეყანაში შიდაპოლიტიკური რომელიმე პარტიის პოზიცია და, სულ მცირე, უნდა გაემიჯნო ძალადობას, თუ ამის დაგმობის თავი არ გაქვს.
ეს იყო ნამდვილად ძალიან არამეგობრული ჟესტი. გპირდებით, რომ ეუთოს შემდეგ საპარლამენტო ასამბლეაზე მე ამ საკითხს დავაყენებ, თუმცა, იმას ვერ გპირდებით, რომ, როდესაც შემდეგი საპარლამენტო ასამბლეა გაიმართება, ეს ქალბატონი ისევ იქნება ეუთოს თავმჯდომარე, რადგან მას დაახლოებით ერთ თვეში ვადა ეწურება“.
ეუთოს თავმჯდომარეს მიმართა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი ზარქუამ:
„ქალბატონო ელინა, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ქართულ სახელმწიფოს, ამიტომ ახლა ელაპარაკეთ რადიკალებს და ამით დაასრულეთ თქვენი ვიზიტი – შერცხვენილი ხართ და ჩვენ თქვენთან აღარ გვსურს ურთიერთობა… თქვენს ქვეყანაში, ფინეთში რადიკალებს ამის მეათედი რომ გაებედათ და მერე ჩასულიყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და იმ რადიკალებთან დამდგარიყო, მოგეწონებოდათ?!“
საქართველოში ელინა ვალტონენის ვიზიტის დასრულებასთან დაკავშირებით პრესრელიზი გამოაქვეყნა ეუთომ. გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ დიპლომატი შეშფოთებულია საქართველოში მმართველი პარტიის გატარებული პოლიტიკით:
„არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები არიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული მდგრადობისთვის. ისინი ებრძვიან უსამართლობას, უწყობენ ხელს ინოვაციებს და სთხოვენ ხელისუფლებას ანგარიშვალდებულებას. მათი ხმა არამხოლოდ უნდა ისმოდეს, არამედ უნდა იყოს დაცული. საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა იპოვოს გამოსავალი ამ კრიზისიდან და შეძლოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი საზოგადოების ნდობა აღდგენა…
აუცილებელია კონფლიქტისადმი საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი ყურადღება, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეთა პრობლემების გადასაჭრელად. ამ მიმართულებით, დიდად ვაფასებ სამხრეთ კავკასიაში ჩემი სპეციალური წარმომადგენლის, კრისტოფ შპატის ძალისხმევას…“
ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტსა და განცხადებებს აფასებენ „ქართული ოცნების“ ოპონენტები. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სხვა, უფრო მძიმე დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმამდე ხელისუფლებას „მხოლოდ ერთი ნაბიჯი აკლია“.
ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „მზად არიან ურთიერთობების გადატვირთვისა და ღია არიან დიალოგისთვის ყველასთან“. „ქართულ ოცნებას“ აქვს დათქმებიც, რომელთა შესრულებასაც დასავლელი პარტნიორებთან კავშირების „სუფთა ფურცლიდან დაწყების“ წინაპირობად ასახელებს.