„თავისუფლება ციხის კედლებს მიღმა: სოლიდარობა მზია ამაღლობელსა და საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერ მოძრაობას“, – ამ სახელწოდებით ევროპარლამენტში გაიმართა დისკუსია, რომელსაც ხუთი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, პეტრას აუსტრევიჩუსი, ნაჩო სანჩეს ამორი, სერგეი ლაგოდინსკი და ლენა შილინგი მასპინძლობდნენ.
დისკუსიას ვიდეომიმართვით შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან განაცხადა, რომ ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებელი, რომელიც ცხრა თვეზე მეტია, პატიმრობაშია, იქცა იმ ბრძოლის სიმბოლოდ, რომელიც საქართველოში დიქტატურის, რუსეთის გავლენისა და ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
„მზია ამ ბრძოლის სიმბოლო გახდა, რადგან ის ერთ-ერთი და არა ერთადერთია, მათ შორის, ვინც სრულიად უმიზეზოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აღმოჩნდა ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფალ მედიას წარმოადგენს, მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე 30 წელზე მეტია იცავს სამოქალაქო თავისუფლებებს, უმცირესობების უფლებებს და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობას. აჭარაში, მის რეგიონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დასაწყისში, როცა ქვეყანაში არსებობდა რეჟიმი, რომელიც თავისუფალ სიტყვას ზღუდავდა, მზია მუდამ დემოკრატიის დაცვის წინა ხაზზე იდგა.
და მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი ევროპული კურსიდან გადაეხვია, დაერღვია საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ავალდებულებს ყველა ინსტიტუციას იმუშაოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და დაიწყო ჩვენი ბრძოლის ეს ეტაპი, სრულიად ბუნებრივია, რომ სწორედ მაშინ გახდა ეს პატარა ქალი, მზია, მშვიდობიანი პროტესტის მოძრაობის დროშა.
თავად ვესწრებოდი მის ბოლო სასამართლო პროცესს, რომელიც 11 საათი გრძელდებოდა და მთელი ამ 11 საათის განმავლობაში მზია ფეხზე იდგა, რადგან დამნაშავეთა სკამზე ჯდომა მისთვის მიუღებელი იყო. ეს არასდროს დამავიწყდება! ის იყო და არის უდანაშაულო! ხელისუფლების მხრიდან თითქოსდა ფსევდორევოლუციების შესახებ მცდარი სცენარების შექმნის მიუხედავად მზია საქართველოს მშვიდობიანი პროტესტის ნაწილია. მზია იმ მშვიდობიანი ბრძოლის სახეა, რომელიც ქვეყანაში საქართველოს ხალხის თავისუფლებისთვის, ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად, სამოქალაქო თავისუფლებებისა და პრესის თავისუფლების დასაცავად მიმდინარეობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ევროპარლამენტარებსა და დისკუსიის სხვა მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნობელიანტმა ჟურნალისტმა მარია რესამაც. „ახლა მოქმედების დროა, მზიასა და საქართველოს თქვენი სოლიდარობა სჭირდება“, – განაცხადა მარია რესამ და თქვა ისიც, რომ ღირებულებები, რომლებზეც ევროპა დგას, ახლა გამოცდას თბილისში გადის.
„ევროპარლამენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რაც საქართველოში ხდება. სტუდენტები დემოკრატიული ღირებულებებისთვის ყველაფერს რისკავენ, ჟურნალისტები სიმართლეს ისევ ჰფენენ ნათელს. მზია ამაღლობელი იმ მამაცი პროტესტის სიმბოლოდ იქცა, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დასრულების წინააღმდეგ აღმოცენდა.
მძიმე პერიოდში მე საერთაშორისო სოლიდარობამ გამაძლიერა და გამახსენა, რომ მარტოები არ ვიყავით. მზიას ახლა ასეთი სოლიდარობა სჭირდება. იგი უკვე 9 თვეა, პატიმრობაში იმყოფება და კოლეგები მის მიერ დაარსებულ მედიაორგანიზაციებს უზარმაზარი ზეწოლის პირობებში უნარჩუნებენ სიცოცხლეს, მაგრამ ისინი ამას მარტო ვერ გააკეთებენ. ეს მზიასთვის კრიტიკული მომენტია. კრიტიკული მომენტია საქართველოსთვისაც. 310 დღეზე მეტია, პროტესტი გრძელდება. ღირებულებები, რომლებზეც ევროპა აცხადებს, რომ დგას, ახლა თბილისში გადის გამოცდას. სიჩუმე სახიფათო გზავნილია. მზია თქვენს სოლიდარობას იმსახურებს. საქართველო თქვენს სოლიდარობას იმსახურებს. ახლა მოქმედების დროა“, – განაცხადა მარია რესამ.
