ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დიპლომატიურ შეხვედრებს მართავს როგორც ოფიციალურ პირებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
შეხვედრის პირველ დღეს ელინა ვალტონენი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, რის შემდეგაც მინისტრებმა გამართეს ერთობლივი პრესკონფერენცია. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია და ხაზს უსვამს ეუთოს დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მნიშვნელობას.
ელინა ვალტონენმა კი შეხვედრის შემდეგ სხვადასხვა საკითხზე გაამახვილა ყურადღება – მან უარყოფითად შეაფასა ოპოზიციის ლიდერების დაკავება, რაც, მისი თქმით, არაპროპორციული იურიდიული პროცედურების შედეგად ხდება.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის კოლეგას ესაუბრა შემზღუდავი კანონმდებლობის შესახებაც, რომელიც ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება.
„ჩვენ ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაკავებას, რომელიც არაპროპორციული იურიდიული პროცედურების შედეგად ხდება. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არის კითხვის ნიშნის ქვეშ. სამოქალაქო საზოგადოება არ არის სტაბილურობის საფრთხე, პირიქით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, ჟურნალისტები და ბევრი სხვა არის დემოკრატიული მედეგობის შემადგენელი ნაწილი.
ჩვენი შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრე შემზღუდავ კანონმდებლობაზეც, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს ეხება და იმ საკითხებზეც, რომლებიც დემოკრატიულ მმართველობას ეხება, ბოლოდროინდელ მოვლენებსა და მოვლენების განვითარებაზე, რომლითაც ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იპოვოს გზა ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, ნდობის აღსადგენად და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად“, – განაცხადა ფინელმა დიპლომატმა და დასძინა, რომ ეუთოს ინსტიტუტები მზად არიან, მხარი დაუჭირონ საქართველოს ამ ვალდებულებების შესრულებაში.