საპროტესტო აქციების სამართლებრივ ადმინისტრაციას „ქართული ოცნების“ გუნდი კიდევ უფრო ამკაცრებს. 13 ოქტომბერს მმართველი პარტიის უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ უფრო იზღუდება შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს აქამდე არსებული წესები.
გაფრთხილება და ფულადი ჯარიმა ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ვადით, ადმინისტრაციული პატიმრობით იცვლება. განმეორებით შემთხვევაში კი პირი სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლდება და ერთი ან ორი წლით დაემუქრება პატიმრობა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები და უმრავლესობის სხდომის შედეგად მიღებული სხვა გადაწყვეტილებები საზოგადოებას, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ გააცნო.
„ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. მონაწილეობა იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით.
ასევე სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
„ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას, რეპრესიების ზრდად და დემოკრატიის კიდევ უფრო შეზღუდვად მიიჩნევენ ოპოზიციაში. მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ სულ უფრო ავტორიტარული ხდება.
საპროტესტო აქციების კიდევ უფრო შეზღუდვად აღიქვამს ამ საკანონმდებლო ინიციატივას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. მათ მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
„ახალი ცვლილებები წარმოადგენს დემოკრატიული წესრიგის არსებითი საფუძვლის — მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას. ამ ცვლილებებით ხელისუფლება ცდილობს, აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა. ინიციირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო. ასეთი კანონმდებლობა უცხოა დემოკრატიული სამყაროსათვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან. ეს არის კიდევ ერთი საფეხური დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟის პროცესში”.
მომიტინგეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული ბრალდებების სისხლის სამართლის პროცედურებით ჩანაცვლებას საზოგადოების ტერორად აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„ტერორი საქართველოში ახალ სიმაღლეებს აღწევს! ქუჩის მომიტინგეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული ბრალდებები სისხლის სამართლის პროცედურებით ჩანაცვლდა”, – წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.
ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში საკანონმდებლო ცვლილებების შეტანას „ქართული ოცნება“ ახლო მომავალში აპირებს. ახლო წარსულში მიღებული მკაცრი ზომების მიუხედავად რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი გაგრძელდა.
ავტორი: ალეკო გვეტაძე
