მთავარიმსოფლიოNATOნატოს ბირთვული მანევრები ჰაერში და საზღვაო წვრთნები დრონების გამოყენებით

ნატოს ბირთვული მანევრები ჰაერში და საზღვაო წვრთნები დრონების გამოყენებით

ორშაბათს, 13 ოქტომბერს, ნიდერლანდებში სტარტი აიღო ალიანსის ყოველწლიურმა ბირთვულმა წვრთნებმა სახელწოდებით Steadfast Noon. ბირთვულ მანევრებში ალიანსის 14 წევრი სახელმწიფოს დაახლოებით 70 საბრძოლო თვითმფრინავი ჩაერთო, მათ შორის კონვენციური და ორმაგი შესაძლებლობების მქონე გამანადგურებლები.

მასშტაბურ მანევრებში ჩართულია სადაზვერვო და ლოგისტიკური სამხედრო საავიაციო ტექნიკა. წვრთნები ნიდერლანდებში იმართება და მხარს ბელგიაში, დანიასა და დიდ ბრიტანეთში მდებარე აეროდრომები უჭერენ. როგორც ცნობილია, ბელგიაში ამერიკის შეერთებული შტატების ტაქტიკური ბირთვული შეიარაღებაა განთავსებული. აშშ-ის საჰაერო ძალების პოლკოვნიკმა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბის (SHAPE) ბირთვული ოპერაციების უფროსმა, დანიელ ბანჩმა განაცხადა, რომ Steadfast Noon-ის მსგავსი წვრთნების განხორციელება მოკავშირეების ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. წვრთნებში დაახლოებით 2000 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. წვრთნების შესახებ ისაუბრა ნატოს გენერალურმა მდივანმაც.

„ჩვენ ვნახავთ თვითმფრინავებს, მაგალითად, ძალიან შთამბეჭდავ ჰოლანდიურ F-35A-ს, რომლებიც ჩემ უკან დგანან და მონაწილეობენ წვრთნებში, ალიანსის მთელ რიგ სხვა ტიპის თვითმფრინავებთან ერთად. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ეს წვრთნები ყოველწლიურად ტარდება. ეს არის ყოველწლიური და რეგულარული სწავლება. ჩვენ ეს გვჭირდება, რადგან ის გვეხმარება, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ბირთვული შეკავება კვლავ მაქსიმალურად სანდო, უსაფრთხო, დაცული და ეფექტიანია. ის ასევე მნიშვნელოვანი გზავნილია ნებისმიერი პოტენციური მოწინააღმდეგისთვის, რომ ჩვენ შევძლებთ და დავიცავთ ყველა მოკავშირეს ნებისმიერი საფრთხისგან. მინდა, ვუსურვო ყველა მონაწილეს წარმატება. შესანიშნავია, რომ ამას აკეთებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე.

თუმცა ნიდერლანდებში მხოლოდ ეს მანევრები არ ხორციელდება. ალიანსის ოფიციალური ინფორმაციით, ამავე ქვეყანაში უკრაინული გამოცდილებით საზღვაო დრონების პროექტირებასა და გამოყენებაში მნიშვნელოვანი სწავლება გაიმართა. ნატოს სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის ხელმძღვანელობით გამართული წვრთნების Bold Machina 25, მიზანი იყო ნატოს ელიტარული სამხედროებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავება, თუ როგორ შეიძლება 3D ბეჭდვისა და სხვა ხელმისაწვდომი მასალების გამოყენებით საზღვაო დრონების შექმნა. ისეთების, რომლებსაც შეუძლიათ დაზვერვის, ლოგისტიკისა  და საზღვაო შეტევითი ამოცანების განხორციელება.

„ძირითადად, ჩვენ ვამოწმებთ სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო ოპერატორების შესაძლებლობებს, დამოუკიდებლად ააწყონ და გამოიყენონ დრონი იმ მიზნით, რომ მოიპოვონ, ან შეინარჩუნონ უპირატესობა მოწინააღმდეგეზე. წარმოიდგინეთ, რომ მცირე ფლოტს ან მცირე სპეციალურ დანაყოფს დრონების გამოყენებით სურს, უფრო დიდ საზღვაო ძალას შეუტიოს. ტექნოლოგიური აქტივის მიღმა ყოველთვის დგას ადამიანი. ასე რომ, აქ ჩვენ ვასწავლით იმ ბიჭებს, რომლებიც გაწვრთნილი არიან ცურვაში, პარაშუტით ხტომასა და სროლაში, თუ როგორ ააწყონ უპილოტო ხომალდი. რადგან საბოლოოდ, მათ უნდა გააკონტროლონ  დრონი აქტიურ ფაზაში, ან მოუწევთ სხვას ასწავლონ დრონის მართვა და გამოყენება“, – თქვა ნატოს სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის შტაბის უფროსმა კონტრ-ადმირალმა მასიმილიანო როსმა.

საზღვაო დრონებით სწავლება ალიანსმა უკრაინის გამოცდილებიდან გამომდინარე დაგეგმა. როგორც ცნობილია, უკრაინულმა სპეციალურმა დანაყოფებმა უპილოტო სისტემებით შავ ზღვაში დიდი დარტყმა მიაყენეს რუსულ ფლოტს.

ბირთვული მანევრები ჰაერში და საზღვაო წვრთნები დრონების გამოყენებით – ალიანსი თავდაცვის შესაძლებლობებში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას დებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend