მთავარისაქართველოსუსმა „ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე” საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა

სუსმა „ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე” საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა „უცხო ქვეყნის ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აჭარის რეგიონში, ერთდროულად ხუთ სხვადასხვა ადგილზე, სპეციალური ღონისძიება ჩაატარა“ და საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული ე. წ. „თექბირისტების“ ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ უცხო ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან.“ უწყების თანახმად, დაჯგუფების წევრები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი წევრების საქართველოში არალეგალურად შემოყვანას და „მათი ლიდერობით გარკვეული პლაცდარმის“ მოწყობას გეგმავდნენ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა უცხო ქვეყნის ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე აჭარის რეგიონში, ერთდროულად ხუთ სხვადასხვა ადგილზე, სპეციალური ღონისძიება ჩაატარა. შედეგად დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე.

კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული ტერორისტული აქტივობები. ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული ე. წ. „თექბირისტების“ ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ უცხო ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან, რომელთა მითითებებით და სამომავლო ტერორისტული მიზნებისთვის ჯამაათის სახით ჩამოაყალიბეს რადიკალურ-ექსტრემისტულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება.
ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ.

საქმეში არსებული ინფორმაციით, ხსენებული დაჯგუფების წევრები გეგმავდნენ, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი წევრების საქართველოში არალეგალურად შემოყვანას და მათი ლიდერობით გარკვეული პლაცდარმის მოწყობას, რითაც უზრუნველყოფდნენ თანამოაზრეების არალეგალურად დახვედრა/დაბინავებას, ლოჯისტიკური მომსახურების გაწევას და ტერორისტული მიზნისთვის საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენებას.

დღეს დილით, გამთენიისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები, სამხედრო აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და სხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სუს-ის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend