კატეგორიები

სახალხო დამცველი შპს „რეფორმერ ფიტნესის“ განცხადებას ეხმაურება

სახალხო დამცველი შპს „რეფორმერ ფიტნესის“ განცხადებას ეხმაურება

„საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე ზედამხედველი ინსტიტუტი, ყველა იმ პირის განცხადებას შეისწავლის, ვინც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს“, – ასე პასუხობს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, „რეფორმერ ფიტნესის“ დირექტორს, გიორგი ფუტკარაძეს.

19 სექტემბერს რუსეთის მოქალაქემ, რომელსაც „რეფორმერ ფიტნესში“ მომსახურებაზე უარი უთხრეს, ომბუდსმენს საჩივრით მიმართა, რის შემდეგაც ლევან იოსელიანმა გიორგი ფუტკარაძეს საჩივართან დაკავშირებით პოზიციის წარმოდგენა მოსთხოვა.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან საჯაროდ გვაქვს გაცხადებული, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას, არ მოვემსახურებით, თუკი წერილობით არ დაადასტურებენ პატივისცემას ჩვენი და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ“, – წერს გიორგი ფუტკარაძე საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან იოსელიანი კი აცხადებს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია ომბუდსმენის აპარატში შესული ნებისმიერი განცხადება შეისწავლოს. „საკითხის ისე წარმოჩენა, რომ სახალხო დამცველი არ უნდა რეაგირებდეს, რომელიმე ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის განცხადებებზე, ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ კანონმდებლობას, თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ დღეს, 13 ოქტომბერს, გავრცელებულ განცხადებაში.

„დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი ვრცელდება კერძო დაწესებულებებზეც, რომლებიც მომხმარებლებს სერვისსა და მომსახურებას სთავაზობს. ანტიდისკრიმინაციული კანონი ცალსახად განმარტავს, რომ თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება საჯაროდ ხელმისაწვდომი საქონლისა და მომსახურების მიღებაზე.

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ 2014 წელს ევროკავშირთან დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შედეგად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც წარმოადგენს კონსტიტუციის მე–11 მუხლით განმტკიცებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპის საკანონმდებლო იმპლემენტაციის კონსოლიდირებულ მექანიზმს და კანონით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ზედამხედველობის ფუნქცია საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭა.

სწორედ სტანდარტული საქმისწარმოების ფარგლებში გამოვითხოვეთ ინფორმაცია და საპასუხო პოზიცია შპს „რეფორმერ ფიტნესისგან“, რომელიც უმნიშვნელოვანესია სავარაუდო დისკრიმინაციის შეფასებისა და საქმის სრულყოფილად შესწავლისთვის. კომპანიის მიერ გავრცელებული საჯარო განცხადება კი ემსახურება პირად მიზნებს, სპეკულირებს ყველასთვის განსაკუთრებით მტკივნეული საკითხით – საქართველოს ოკუპაციით და ამავდროულად ავრცელებს ცრუ ნარატივს, სახალხო დამცველისა და მისი აპარატის დისკრედიტაციის მიზნით”, – წერია განცხადებაში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები