კატეგორიები

„ქართულ ოცნებას“ დამატებითი ცვლილებები შეაქვს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში

„ქართულ ოცნებას“ დამატებითი ცვლილებები შეაქვს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, დამატებითი ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში.

უმრავლესობის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ მმართველი პარტიის წევრმა ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა.

მისი თქმით, ცვლილებები მეტწილად შეეხება კანონს „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“:

„შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით…

იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

ასევე, 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად.

ამგვარი აკრძალული ქმედებები განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით“.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ახალი მუხლი დაემატება სისხლის სამართლის კოდექსს და დამატებით განისაზღვრება სასჯელი იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს შეურაცხყოფას მესამედ მიაყენებს ან არ დამორჩილება მის კანონიერ განკარგულებას.

„შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონში „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით ცვლილებები მიიღო თებერვალშიც.

მაშინ გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის ჯარიმა გაიზარდა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე.

საპროტესტო აქციებზე აიკრძალა სახის დაფარვა, ასევე პიროტექნიკისა და ლაზერების ან/და მძლავრი სიკაშკაშის მქონე მანათობლების გამოყენება. უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა ეს ცვლილებები რეპრესიულად შეაფასეს.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები