საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფება პრაღაში, სადაც მონაწილეობს „ფორუმ 2000-ში”.
სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელთა წინაშეც დგას საქართველო და ევროპა, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა რუსეთი კვლავ ცდილობს, გააძლიეროს აგრესია და აწარმოოს ჰიბრიდული ომი.
„ევროპის სამომავლო ურთიერთობა რუსეთთან ბევრი მხრივ დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება უკრაინაში, თუმცა, გარკვეულწილად იმაზეც, რა მოხდება საქართველოში. სამწუხაროდ, ათწლეულებია, რუსეთის მეზობლები ვართ. ღმერთმა კავკასიონი ჩვენ შორის წინაღობად აქცია, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ბოლო სამ საუკუნე-ნახევრის განმავლობაში, რუსეთი მოქმედებდა არა როგორც პარტნიორი ან მეზობელი, არამედ როგორც დამპყრობელი, აგრესორი, ოკუპანტი და არეულობის წყარო…
ჩვენ რუსებთან ურთიერთობის ნეგატიური გამოცდილება გვაქვს, განურჩევლად მათი სტატუსისა – იქნებოდა ეს საბჭოთა კავშირი, რუსეთის იმპერია თუ თანამედროვე რუსეთი, რომელიც ასევე იმპერიაა. ყველაფერი იმავენაირად სრულდება.
დღეს საქართველო კვლავ საცდელ პოლიგონად რჩება, რა თქმა უნდა, მთავარი პოლიგონი კვლავ უკრაინაშია, სადაც ჩვენ ყველანი შეშფოთებულები ვართ მასშტაბური აგრესიით. როგორც იქნა, ევროპელმა პარტნიორებმა გაიაზრეს, რომ მათ ხელშია რუსეთის შეჩერება… სწორედ უკრაინაში შეჭრის პარალელურად რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული ომი. ალბათ იმიტომ, რომ დაინახა პროგრესი ევროპის გზაზე, რომელსაც უკრაინის ხელშეწყობით მივაღწიეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა შეცვლილია, თუმცა ახლა ბევრად სახიფათოა:
„რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული ომი, რომელიც ახალ წესებზეა დაფუძნებული, რომელიც მიმართულია ხელისუფლების გამოყენებაზე – ხელისუფლებაზე, რომელიც აქამდე იყო პროევროპული, არჩეული იყო, რადგან იყო პროევროპული, რადგან შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომელიც ავალდებულებს ყველა ინსტიტუციას, მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
იგივე ხელისუფლება იქცა მარიონეტად, რომელიც რუსეთის ინტერესებსა და მიზნებს წარმოადგენს. ის ერთმანეთის მიყოლებით იღებს კანონებს, რომლებსაც ჩვენ რუსულს ვუწოდებთ. იმ კანონებს, რომლებიც რუსეთში გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი სასამართლოს გასაჩუმებლად. ჩვენ აღარ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა პირობებში მოგვიწია ბოლო არჩევნების ჩატარება…“
სალომე ზურაბიშვილმა შეაფასა 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები. მისი განცხადებით, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა ხელისუფლების მიერ იყო იმიტირებული.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენ თვალს ვადევნებდით მოდელირებულ თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, რაც იყო სრული აბსურდი. ღობეები ამ თავდასხმისთვის წინასწარ იყო მზად. შემუშავებული იყო სცენარი, სავარაუდოდ, ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გამოყენებით, რომლებიც ან სათანადოდ არ იყვნენ მომზადებულნი, ან ვერ იაზრებდნენ, რა ხდებოდა. ეს სცენარი დადგმული იყო მხოლოდ ერთი მიზეზით. მიზეზი კი მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობის დისკრედიტაცია იყო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრაღაში.
Grateful to the Czech Republic for its steadfast support of Georgia-a clear example for other EU countries.Their support is now more decisive than ever in the EU’s decisions on Georgia.Stressed that continued peaceful protest remains key to defending our democracy.@prezidentpavel pic.twitter.com/FDMJKi29LH
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) October 13, 2025
რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე „ფორუმ 2000-ის” ფარგლებში ისაუბრა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა. მისი თქმით, კრემლი ევროპისთვის დღეს ძირითადი გამოწვევაა, რომელსაც ცივილიზებულმა სამყარომ ერთიანი ბრძოლით უნდა უპასუხოს:
„დღეს რუსეთი მთავარი საფრთხეა ევროპის დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის. ის მიისწრაფვის, ეტაპობრივად დაანგრიოს დემოკრატიული სისტემა და გაბატონდეს დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. ამ მიზნის მისაღწევად, ის ცდილობს, შეასუსტოს და დაანაწევროს ტრანსატლანტიკური საზოგადოება.
უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევამ მისცა რუსეთს საშუალება, კონფლიქტის მოგვარების გზად აერჩია მოლაპარაკებები. სამყაროს ჩვენს ნაწილში მათმა პასუხმა არავინ გააკვირვა. რუსეთი არასდროს იყო მზად კეთილსინდისიერი მოლაპარაკებებისთვის. ამის ნაცვლად მან გააორმაგა ცინიკური სამხედრო კამპანია და იყენებდა ტერორს, როგორც უკრაინელების მორალური განადგურების საშუალებას.
რუსული უპილოტო საფრენი აპარატებისა და ავიაგამანადგურებლების მიერ პოლონეთისა და ესტონეთის საჰაერო სივრცეების დარღვევამ დაადასტურა მოსკოვის მზადყოფნა, წავიდეს უფრო მეტ რისკსა და ესკალაციაზე. ეს ომი სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარეობს – დაწყებული კიბერთავდასხმებით, დასრულებული მათი დაშინებით, ვინც პუტინის წინააღმდეგია. რუსეთი ამახინჯებს სიმართლეს უკრაინაში მის მიერ წარმოებული ომის შესახებ, ავრცელებს სიცრუეს ევროპის, ჩვენი მოკავშირეებისა და ჩვენი ინსტიტუტების შესახებ. ეს სცენარი უკვე კარგად არის ცნობილი ევროპის დიდი ნაწილისთვის“.
ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ისაუბრა რუსეთის ჰიბრიდულ ომზე, რომლითაც მოსკოვი ცდილობს, გააძლიეროს დეზინფორმაციული კამპანია და გაავრცელოს ცრუ ნარატივები ევროპისა და მისი მოკავშირეების შესახებ. ამ კონტექსტში პეტრ პაველმა საქართველოც ახსენა:
„სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ საქართველოში რუსეთი გარკვეულ წარმატებას აღწევს. მოლდოვაში ეს ჯერ ვერ მოხერხდა, თუმცა ბრძოლა გრძელდება.
ჩემს ქვეყანაში ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ პრორუსული დეზინფორმაციული გვერდები ბევრად მეტ კონტენტს ამზადებენ, ვიდრე ტრადიციული მედიასაშუალებები. მათმა გზავნილებმა ჩვენი საზოგადოების ზოგიერთ ფენაში ფესვები გაიდგა. ჩვენი ამოცანაა, გავაკეთოთ ბევრად მეტი, რაც ჩვენს ინტერესებშია. დეზინფორმაცია თავისით ვერ გაქრება. ეს ქმნის პარალელურ რეალობას. მასში მოხვედრა მარტივია, თუმცა გაცილებით რთულია მისგან თავის დაღწევა…“