მთავარისაქართველოპოეტ ზვიად რატიანს ორი წლით პატიმრობა შეეფარდა

პოეტ ზვიად რატიანს ორი წლით პატიმრობა შეეფარდა

პოეტ ზვიად რატიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა. პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული პოეტის ბრალი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა განაჩენის გამოცხადებისას გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე და იგი დამნაშავედ ცნო პოლიციის მიმართ წინააღმდეგობაში. პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა.

„ამ საქმეზე მნიშვნელოვანია კვალიფიკაციის შეცვლა, თუმცა ბუნებრივია მნიშვნელოვანია, ასევე ვნახოთ სასამართლოს დასაბუთებული განაჩენი, ამის შემდგომ უფრო გვექნება შესაძლებლობა, რომ შესაბამისად შევაფასოთ ეს საკითხი. ბუნებრივია იმ მუხლის ფარგლებშიც, რა მუხლზეც გადააკვალიფიცირა სასამართლომ წარდგენილი ბრალდება, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იყო სასამართლოს არ გამოეყენებინა სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა და შემოფარგლულიყო ჯარიმით. ამ ნაწილზეც შევხედავთ, სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს”, – განაცხადა ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ზვიად რატიანმა სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა:

„რა თქმა უნდა, ნორმალურ გარემოში სილის გაწვნა აზრად არავის მოუვიდოდა. ვართ აბსურდში, რომელიც ერთმა კაცმა და მისმა მომსახურე პერსონალმა ამ ქვეყანაში შექმნა.

რა იყო მიზეზი: დარწმუნებული ვარ, იცით, რომ ქართულ ენაში არის ასეთი სიტყვა – სინდისი. რაშიც არ ვარ დარწმუნებული ისაა, რომ იცით – ეს სინდისი – პირობითი სინდისი – ადამიანს ზოგჯერ აწუხებს. მესმის, რომ ეს არ იზომება კანონით. ისევე როგორც ტკივილი და სიძულვილი არ იზომება კანონით…

ეს სინდისი მაწუხებდა მე…

მაწუხებდა და არა იმიტომ, რომ ვინმეზე მეტი ვარ. ასე დალაგდა და ასე ხდება…

არც საამაყოდ ვთვლი ამ ჩემს მიერ გაწნულ სილას და არც დანაშაულად.

ალბათ ორი თვით ადრე ვიდრე დამაპატიმრებდნენ, „ბათუმელებმა” მთხოვა წერილის დაწერა მზიას შესახებ. რაღაც დავწერე. აივანზე გავედი. კმაყოფილი, ბედნიერი ვიყავი, რომ დავწერე, რომ მოვასწარი ვადებში… ვიგრძენი ძალიან დიდი სირცხვილი – დავწერე და კმაყოფილი ვიყავი და მერე გავიდოდი რუსთაველზე. გავიფიქრე, რომ აი, სულ ესა ვარ”.

პროკურატურა გეგმავს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.

„ბრალდების მხარე არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბრალდებული, როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 ივნისს თავს დაესხა პოლიციელს მის სამსახურებრივ საქმესთან დაკავშირებით და ძალადობა განახორციელა მის მიმართ.

მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. დღევანდელო სასამართლო სხდომაზე იგი დამნაშავედ ცნეს 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე მას შემდეგ, რაც სასამართლოს მხრიდან ჩაბარდება დასაბუთებული განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს”, – განაცხადა პროკურორმა გიორგი გოგალაძემ.

9 ოქტომბერს კი სასამართლოში ზვიად რატიანის დასკვნით პროცესს მისი მეგობრები, ახლობლები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ისმოდა შეკრებილი მოქალაქეების შეძახილები – „თავისუფლება ზვიად რატიანს”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend