ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ექვს სხვა ჟურნალისტთან ერთად დასახელდა 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელად.
ეს ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის მიერაა დაწესებული და ყოველწლიურად გადაეცემა ჟურნალისტებს, რომლებმაც გამოავლინეს ურყევი ერთგულება პრესის თავისუფლების მიმართ.
გამოცემა „ბათუმელები” ავრცელებს მზია ამაღლობელის განცხადებას, რომელშიც წერია:
„მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელებს შორის ყოფნა ერთდროულად პატივიცაა და პასუხისმგებლობაც. ეს ჯილდო მხოლოდ მე არ მეხება; ის აღიარებს საქართველოში მრავალი ჟურნალისტის ბრძოლას, რომლებიც უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად, გაბედულად იცავენ სიმართლეს… ეს ჯილდო შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენი მსხვერპლი უხილავი არ არის და რომ საერთაშორისო საზოგადოება მხარს გვიჭერს.
რაც მთავარია, ეს ყველა ჩვენგანისთვის წახალისების წყაროა, გავაგრძელოთ პრესის თავისუფლების დაცვა, რადგან ამით ჩვენ ასევე ვიცავთ თავად დემოკრატიას“, – წერს მზია ამაღლობელი.