რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას მტკიცებით, 4 ოქტომბერს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება სცადეს.
მომხდარში მან ბრალი დასდო „კიევის რეჟიმის“, ევროკავშირისა და რადიკალური ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ ძალებს. მარია ზახაროვამ საქართველოს დასავლელი პარტნიორები „დასავლელ მოთამაშეებად“ მოიხსენია და ისინი დაადანაშაულა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში:
„სერიოზულ შეშფოთებას იწვევს დასავლელ მოთამაშეთა ცნობილი დაჯგუფების დაუფარავი ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. მე მათ ვერ ვუწოდებ სახელმწიფოებს, ისინი მოთამაშეები არიან.
ევროკავშირისა და კიევის რეჟიმის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, ასევე საქართველოში მსჯავრდადებული უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიერ, პირდაპირ მოუწოდებდნენ კანონიერი ხელისუფლების დამხობისკენ.
4 ოქტომბრის საღამოს იყო მცდელობა, მიეტანათ შტურმი თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სახელმწიფო შენობაზე. გამოყენებული იყო ყველა ის ძველი და კარგად ცნობილი მეთოდები, რომლებიც აქტიურად მუშავდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.
პროტესტის მონაწილეები ძალადობდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე ისე, თითქოს, ისინი იყვნენ სხვა ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები და არა თანამემამულეები. საბოლოოდ ამ ჩავარდნილი პროვოკაციის მიზანიც არის კარგად ცნობილი – საქართველოში რეალიზდეს „მაიდანის“ სცენარი, დასვან მარიონეტული ხელისუფლება, რესპუბლიკის სრულად დაქვემდებარება დასავლეთის ნება-სურვილებთან და საქართველოს განმტკიცება ანტირუსულ პოზიციებზე.
ყველაფერი არის იმისთვის, რომ საქართველო გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ ახალ ავანტიურებში და რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე დესტაბილიზაციის მოწყობაში… ქართველი ერის ინტერესები იგნორირებულია მათ მიერ, ვინც დგას ამ ფერადი რევოლუციების, „მაიდნის“ თუ გადატრიალების მცდელობების მიღმა. ვადასტურებთ, რომ ჩვენ მივისწრაფვით სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანასთან მშვიდობიანი, თანასწორუფლებიანი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებისთვის“.
კენჭისყრის პროცესს კი რუსეთის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა „წარმატებული“ უწოდა და დაეყრდნო იმ რამდენიმე დამკვირვებლის შეფასებებს, ვინც საქართველოში არჩევნებისთვის ჩამოვიდა.