ჰაიტიზე იძულებით გადაადგილებული ბავშვების რაოდენობა გასულ წელს თითქმის გაორმაგდა. UNICEF-ის ახალი ანგარიშის თანახმად, ახლა უკვე 680 ათასი ბავშვია იძულებული, სახლიდან შორს იცხოვროს. საერთო ჯამში, ჰაიტიზე 1.3 მილიონზე მეტი ადამიანია იძულებით გადაადგილებული, რაც ქვეყანაში მზარდი კრიზისის მაჩვენებელია.
UNICEF-ისანგარიშის მიხედვით, ჰაიტიზე ბანაკების მესამედი არ არის დაცული. ქალები და ბავშვები ძალადობისა და ექსპლუატაციის საფრთხის წინაშე არიან. ბევრ შემთხვევაში სკოლები თავშესაფრებად გადაკეთდა, რის გამოც ნახევარ მილიონამდე მოსწავლე ვერ იღებს განათლებას.
ადგილზე ხუთ წლამდე ასაკის 288 ათასზე მეტი ბავშვი საკვების დეფიციტის გამო იტანჯება. შეიარაღებული ჯგუფები აკონტროლებენ პორტ-ო-პრენსის 85%-ზე მეტ ნაწილს, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობა საკვებისა და სამედიცინო დახმარების გარეშეა დარჩენილი.
UNICEF-მა და მისმა პარტნიორებმა ამ დრომდე 117 ათასზე მეტ ადამიანს გაუწიეს დახმარება ჯანდაცვის მიმართულებით და 140 ათასს მიაწოდეს სასმელი წყალი. ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაზარდოს დახმარება, რათა უსახლკარო ბავშვები უზრუნველყოფილი იყვნენ უსაფრთხო თავშესაფრით, ფსიქოსოციალური მხარდაჭერით, განათლებით, ჯანდაცვითა და სასმელი წყლით. თუმცა UNICEF-ის ჰუმანიტარული ბიუჯეტი ჰაიტისთვის კვლავ შეზღუდულია.