მთავარიამერიკაჰაიტიჰაიტის დედაქალაქის მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა

ჰაიტის დედაქალაქის მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა

ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში დაძაბული ვითარება და ჰუმანიტარული კრიზისი პიკს აღწევს. მოსახლეობა შეშინებულია. საკუთარი სახლებიდან ასობით დევნილი ადამიანი ყოველდღიურად მსოფლიო სასურსათო პროგრამის ჰუმანიტარული დახმარების მოპოვებისთვის იბრძვის. სურსათი, რომელიც გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში რიგდება, მოსახლეობასა და სამოქალაქო თავდაცვის ძალებზე ნაწილდება.

შანტალია ტრასიბილე საკვების მიმღებ ასობით ჰაიტელს შორის ერთ-ერთია. ამბობს, რომ უზარმაზარ რიგში დღეში ერთჯერადად კვებისთვის დგას. ასე გრძელდება გასული წლის ნოემბრიდან.

„არის დღეები, როდესაც საკვები არ მხვდება და ამხელა რიგში ტყუილად ვდგავარ. ირგვლივ შიმშილია. ხალხი რიგის წესებს ვერ იცავს. არც სამსახური მაქვს და არც სახლი. საშინელი ცხოვრება გვაქვს“, – აცხადებს შანტალია ტრასიბილე.

ჰაიტიში მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორი ჟან მარტინ ბაუერი ამბობს, რომ რომ ჰუმანიტარული პროგრამა ფოკუსირებულია ყველაზე დაუცველი მოსახლეობის დახმარებაზე. მისივე თქმით, სურვილის მიუხედავად, ეს პროგრამა ვერ ფარავს შიმშილის პირას მყოფი მოსახლეობის სრულ რაოდენობას. ბაუერის განცხადებით, ჰაიტიში 4 მილიონზე მეტი მოქალაქე შიმშილის ზღვარზეა. 1,4 მილიონი კი შიმშილობს. ყოველდღიურად ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში 14 000 ულუფას ამზადებენ.

„შიმშილის ზღვარზე ჰაიტიში 4 მილიონზე მეტ ადამიანია. ეს თერთმეტმილიონიანი ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი რიცხვია. გაეროს სასურსათო პროგრამა ჯამში 2 მილიონ მოქალაქეს ეხმარება. პრიორიტეტს ვანიჭებთ ყველაზე დაუცველებს. სამწუხაროა მშიერი ადამიანების ასეთი დაყოფა, მაგრამ პროგრამა მწირია. ჩვენი რესურსები შეიძლება მომავალ კვირას საერთოდ ამოიწუროს. ჯერჯერობით არ ვიცით, გაგრძელდება თუ არა და როდის ამ პროგრამის დაფინანსება“,- აცხადებს ბაუერი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სრულ შეშფოთებას გამოთქვამენ ჰაიტიში მიმდინარე მოვლენებსა და ჰუმანიტარულ კრიზისზე. გაეროს პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ შესაძლოა მომდევნო კვირიდან პორტ-ო-პრენსში დევნილისთვის ცხელი კერძების მიწოდების პროგრამა დაიხუროს, რადგან დაფინანსება სრულდება.

„მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად, ეს სერვისი პორტ-ო-პრენსში შეიძლება მომავალი კვირიდან შეწყდეს, თუ ახალი დაფინანსება არ იქნება უზრუნველყოფილი. ამ დროისათვის სასწრაფოდ საჭიროა $10 მილიონი, რათა სიცოცხლის გადარჩენის პროგრამა გაგრძელდეს. აქვე დავამატებ, რომ მომავალი წლისთვის ჰაიტის ჰუმანიტარული დახმარებისათვის გაცილებით მეტი დაფინანსება იქნება საჭირო. შედარებით უკეთაა უზრუნველყოფილი სამედიცინო დახმარების გაწევის სერვისი. ამ საკითხში რამდენიმე ჰუმანიტარული ორგანიზაციაა ჩართული და მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება უწყვეტად მიეწოდება. პრობლემად რჩება კვების საკითხი. ჩვენ შეშფოთებული ვართ იქ არსებული ვითარებით. ამიტომ, ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრასთან ერთად ვცდილობთ სხვა პოლიტიკური საკითხების გარკვევას“, – აცხადებს გაეროს პრესსპიკერი.

ცხედარი ბორდიურთან, პორტ-ო-პრენსი, ჰაიტი. 11 მარტი, 2024 წელი Copyright AP Photo/Odelyn Joseph

ბოლო წლებია კრიმინალურ ბანდებსა და სახელმწიფოს შორის არსებულმა დაპირისპირებამ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ათასობით მოქალაქე კი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა და საკუთარ სამშობლოში დევნილი გამხდარიყო. ჯარი და პოლიცია ვერ ახერხებს ვითარების შეცვლასა და წესრიგის დამყარებას. ახლა დედაქალაქის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ შეიარაღებული ბანდები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას ძარცვავენ და სასტიკი ძალადობის ქვეშ ამყოფებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend