ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა „ქართული ოცნების“ ქმედებები რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოს მაგალითებს შეადარა.
მისი თქმით, ამას ცხადყოფს საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები, მათ შორის კანონმდებლობის შეცვლით, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებითა თუ კრიტიკული ხმის ჩახშობის მცდელობებით.
ევროკომისიის პრესსპიკერი ამბობს, რომ ევროკავშირი ყოველთვის გმობდა და კვლავაც გმობს ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას ნებისმიერი მხრიდან – იქნება ეს ხელისუფლება თუ ხელისუფლების მოწინააღმდეგე მხარე:
„მხოლოდ კონტექსტსა და ქმედებებზე თუ ვისაუბრებთ – ეს აშკარად არის შთაგონებული რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოებით. როდესაც ვუყურებთ, რაც საქართველოში ხდება, ვხედავთ, რომ ფაქტები სიტყვებზე ბევრად მეტს მეტყველებს. როდესაც გჭირდება ოპოზიციონერების დაპატიმრება, როდესაც მიზანში იღებ სამოქალაქო საზოგადოებას, დევნი დამოუკიდებელ მედიას, კანონების შეცვლა გჭირდება ისე, რომ შენი მმართველი პარტია უპირატესობას ფლობდეს – მაშინ დემოკრატიის ენით არ საუბრობ. ეს არის ქმედებები.
ჩვენი მხრივ, ყოველთვის ვგმობდით ნებისმიერი ფორმის ძალადობას. ჩვენ ყოველთვის მტკიცედ ვართ ამის წინააღმდეგი, მათ შორის სიტყვიერი თავდასხმისაც, რასაც ვისმენთ „ქართული ოცნებისგან“ და რასაც ვხედავთ, როგორ სასოწარკვეთილად ცდილობენ ისინი რეპრესიული რეჟიმის შენიღბვას, რომელიც ჩვენ წინაშე ყალიბდება“.
ანიტა ჰიპერის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ქართული საზოგადოება „ევროკომისიის პრესსპიკერისგან მოელის ბოდიშს“, მისივე თქმით, „ხელისუფლების დამხობის მიზნით დაორგანიზებული შეკრების მხარდაჭერისთვის“.
პაპუაშვილი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე მისი დღევანდელი ვერბალური თავდასხმა არის ამ პასუხისმგებლობისგან გაქცევის სასოწარკვეთილი მცდელობა. ის ასევე „უადგილო ჟონგლიორობას” უწოდებს ანიტა ჰიპერის მიერ სიტყვა „რუსულის” გამოყენებას.