საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველდღიური მარშის მონაწილეებმა თბილისში, შოთა რუსთაველის ძეგლთან, პროტესტის გაგრძელების სტრატეგიაზე ისაუბრეს. მათი თქმით, მიმდინარე პროცესებმა ნათლად აჩვენა, რომ ახლა საჭიროა ცვლილებები და სიახლეები. მარშის მონაწილეებმა დაასახელეს სამი მიმართულება, რომელზეც მუშაობას გეგმავენ:
„1. საჯარო, განსაკუთრებით კი პერიფერიების სივრცეებში – პარკებში, მეტროს სადგურებში თუ ბაზრობებში – იმ ინფორმაციის მასობრივად გაჟღერებას, რომელსაც სამთავრობო მედია წლებია მალავს. ამავდროულად, ციფრულ პლატფორმებზე ჩვენი პროტესტის გაძლიერებას და ინტერნეტ სივრცეში პროპაგანდასთან მეტად აქტიურ ბრძოლას.
2. მარშების რუტინის ეტაპობრივ ცვლილებას – არა ყოველდღიური ტრაექტორიის გამეორებას, არამედ მსვლელობის გზის გაფართოებას და გამრავალფეროვნებას;
კონკრეტული თემით განსაზღვრულ, დათქმულ თარიღებში, საინფორმაციო მსვლელობების მასშტაბურ ორგანიზებას.
3. ანალოგიური შეთავაზება კრიტიკულ მედიებს, რა მოთხოვნებიც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიმართ გვაქვს. ვგრძნობთ აუცილებლობას, რომ საეთერო დრო მეტი სიხშირით უნდა დაეთმოს პროტესტის მონაწილე თუ მის გარეთ მყოფი ხალხის აზრს და არა მხოლოდ კარგად ნაცნობი, პოლიტიკური სახეების სათქმელს,“ – განაცხადა გოტა ჭანტურიამ, სამოქალაქო აქტივისტმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველდღიური მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
მოგვიანებით, უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან. დემონსტრაციის დროს მათ არ მოჰყვებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები – საავტომობილო გზის ნაწილის დაკავების მიუხედავად, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც გადაადგილდებოდა.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აქციის მონაწილეებს არც პარლამენტის შენობასთან დახვდნენ, სადაც, როგორც წესი, ისინი მობილიზებულნი იყვნენ მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად, ასევე საავტომობილო მოძრაობის დასარეგულირებლად. დემონსტრანტების თქმით, ასეთმა ვითარებამ, შესაძლოა, გაზარდოს პროვოკაციის რისკები მათ წინააღმდეგ.
პროტესტის მონაწილეებმა გამაფრთხილებელი ლენტები თავად გააბეს. მოგვიანებით საპატრულო პოლიცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობასთან, ასევე თავისუფლების მოედნის მიმდებარედ გამოჩნდა, სადაც ეკიპაჟებმა დაიწყეს საავტომობილო ნაკადების მართვა.