ეუთო/ოდირი განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თბილისის ქუჩებში განვითარებული მოვლენების შესახებ. ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს, სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდი ზეწოლის ფონზე.
„საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიერ საკუთარი უფლების გამოყენების გამო დაკავება, დასჯა და ჯარიმების დაკისრება კვლავ გრძელდება. ხელისუფლებას აკისრია ვალდებულება, შეასრულოს ეუთოს წინაშე ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებები და საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლებების პატივისცემა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანის უფლებათა დამცველები არ გახდნენ სამიზნეები და მათი ხმა მოისმინონ, რადგან მათი მუშაობა გადამწყვეტია დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის“, – განაცხადა ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანმა.
ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ბოლოდროინდელი კანონები ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას, ასევე მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს.
ეუთო/ოდირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს ზოგადი წესებითა და საერთაშორისო სტანდარტებით და სამართალდამცველებს მისცეს მითითება, თავი აარიდონ საჯარო შეკრებების დროს ძალის გამოყენებას.
განცხადებაში ეუთო/ოდირმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, მათი მისია ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე მიიწვია. ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის შეფასებით, ამან მოქალაქეებსა და ინსტიტუტებს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი შეფასებების მოსმენის საშუალება არ მისცა.
„თავისი მანდატის შესაბამისად, ოდირი მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოსთან და მხარი დაუჭიროს ქვეყანას ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში – კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების მიმართ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.