4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება. პარტიებიდან მხოლოდ „ქართული ოცნება“ ზეიმობს მისთვის სასურველი შედეგის დადგომას. მმართველი პარტიის საპარლამენტო ლიდერები ამბობენ, რომ ამ არჩევნებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. ხოლო ისინი, ვინც ამ პარტიის მმართველობას აპროტესტებენ, მათი განცხადებით, უმცირესობას წარმოადგენენ. ამ შედეგის ფონზე კი „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროკავშირს მოუწოდებენ, არსებულ ხელისუფლებასთან ურთიერთობა განაახლოს.
„ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ამ არჩევნებით დასრულდა კითხვის ნიშნის დასმა „ქართული ოცნების“ უპირატესობის შესახებ. ჩვენ ახლა უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის წინაშე მიცემული დაპირებების შესრულება. რაც შეეხება ევროკავშირს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, კვლავ დიდ სურვილად რჩება ურთიერთობის გაუმჯობესება. თუმცა, რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ თავზე ნაცრის წაყრას და რადიკალურ ოპოზიციაზე თავზე ხელის გადასმას, ქართველ ხალხთან მისასვლელ გზას მით უფრო მეტად დაიგრძელებენ. ამიტომ არჩევანი მათზეა.
როგორც ჩანს, ბევრს, როცა ძლიერის პოზიციიდან გრძნობენ თავს, მარცხის აღიარება უჭირს. მათ არაერთი შეცდომა დაუშვეს, ფსონები არასწორ ორგანიზაციებსა და არასწორ პარტიებზე დადეს, შემდეგ ძალიან მწარედ დამარცხდნენ და ახლა ამ მარცხის აღიარება უჭირთ. ალბათ, ეს შეიძლება იყოს ახსნა, სხვა შემთხვევაში იმის აღიარება მოუწევთ, რომ ამ ყველაფრის ავტორები და შემსრულებლები თავად იყვნენ, ოღონდ, ავტორობასა და შესრულებაში შეცდომები დაუშვეს და დამარცხდნენ. შემიძლია, არგუმენტად ზოგიერთი ელჩის ქმედებები მივაწოდო, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ წინასაარჩევნო პროცესებში ერევიან და საგარეო ჩარევის გზით ცდილობენ, რომ განსხვავებული საარჩევნო შედეგები დააყენონ“, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
არჩევნების შედეგებთან და ე.წ. „მშვიდობიანი დამხობის“ პროცესის ჩავარდნასთან დაკავშირებით პოზიციებში კვლავ განხეთქილებაა ოპოზიციურ სპექტრში. არჩევნებში მონაწილე პარტიებიდან ერთ-ერთი, „გახარია – საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლისას, საღმა აზრმა ამჯერადაც წააგო და ახლა შეცდომების აღიარებისა და გამოსწორების პერიოდია.
„უსამართლო, უთანასწორო არჩევნებში შესვლისას გააზრებული გვქონდა, რომ ნებისმიერი შედეგი შეიძლება დამდგარიყო – პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვაანალიზებთ ყველა გარემოებასა და მიზეზს, არ გავურბივართ დამდგარ რეალობას და ვაღიარებთ, თუნდაც, უსამართლო ბრძოლაში დამარცხებას – სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებრივი აზრისთვის ბრძოლა წავაგეთ. სამწუხაროდ, ჩვენ ყველამ ერთად ჩავაბარეთ თბილისი კორუმპირებულ კალაძესა და მოძალადე „ოცნებას“. მოხდა როგორც მშვიდობიანი პროტესტის, ისე არჩევნების, როგორც მშვიდობიანი ცვლილების დისკრედიტაცია და „ოცნებას“ გაუჩნდა ავტორიტარული რეჟიმის კიდევ მეტად დამძიმების შესაძლებლობა.
ვაღიარებთ, რომ საპარლამენტო ბოიკოტი იყო შეცდომა. თუმცაღა, ამ შეცდომის გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს – უახლოეს მომავალში გავაკეთებთ მიმდინარე პროცესების სერიოზულ ანალიზს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, კონკრეტული გადაწყვეტილებისთვის მზად არ ვართ“, – აცხადებს პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შარაშიძე.
არჩევნების მიმართ ბოიკოტის მომხრე პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კი პირიქით ამბობენ. რომ ვინც ამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, სწორედ ისინი ცდებიან. მათი შეფასებით, 4 ოქტომბერს არა არჩევნები, არამედ „რუსული სპეცოპერაცია“ გაიმართა. ამან კი, პოლიტიკური პროცესი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პარტიის მმართველობა მინიმუმ უნდა შეესუსტებინა, მნიშვნელოვნად გააუარესა.
„არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობდა, იყო გაყალბებული და 4 ოქტომბერს იყო მხოლოდ რუსული სპეცოპერაცია არჩევნების სახით, რომელსაც არცერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია არ აკვირდებოდა. დიქტატორულ პირობებში არ არსებობს არანაირი არჩევნები. ახლაც ეს არჩევნები ყველანაირი დემოკრატიული ნორმის გარეშე ჩატარდა. ეს უნდა იყოს გაკვეთილი, მათ შორის იმ ორი ოპოზიციური პარტიისთვის, ამ გაკვეთილიდან ისწავლონ, რომ შედეგები, რაც დაუწერა „ოცნებამ“, ბევრ რამეზე მეტყველებს ამ პროცესში. რეჟიმის დამარცხების ერთადერთი გზა არის ართანამშრომლობა, ბოიკოტი და წინააღმდეგობა“, – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანი წითლიძე.
მაშინ როცა, ერთი მხარე ზეიმობს, ხოლო მეორე მხარეს პოლიტიკური განხეთქილებების კასკადია, რუსთაველის გამზირზე მოქმედი ხელისუფლების საგარეო თუ საშინაო პოლიტიკით უკმაყოფილო მოსახლეობის ნაწილის უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
ავტორი: ალეკო გვეტაძე