მთავარიაზიაისრაელიბენიამინ ნეთანიაჰუ ევროპას: „ადექით და დაუპირისპირდით ტერორიზმს“

ბენიამინ ნეთანიაჰუ ევროპას: „ადექით და დაუპირისპირდით ტერორიზმს“

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიიღო დონალდ ტრამპის სამშვიდობო შეთანხმება და რომ ახლა „ჰამასის“ ჯერია, შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, გეგმა ორნაწილიანია და პირველი ეტაპი მძევლების სრულად გათავისუფლებას, ღაზის სექტორის დემილიტარიზაციასა და „ჰამასის“ განიარაღებას ისახავს მიზნად. თავის მხრივ კი, ისრაელი იღებს ვალდებულებას გაათავისუფლოს ღაზის სექტორის უდიდესი ნაწილი, გაიყვანოს საჯარისო ნაწილები და დაუშვას როგორც ჰუმანიტარული დახმარების ტერიტორიაზე შესვლა, ისე ღაზის რეკონსტრუქცია.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა ევროპის პოზიცია ამ პროცესებთან მიმართებით. ისრაელი პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპელმა ლიდერებმა „გამოავლინეს სისუსტე და დაკარგეს მნიშვნელობა“. ნეთანიაჰუმ მოუწოდა ევროპას, იბრძოლოს ტერორიზმის წინააღმდეგ და გაიმეორა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის სიტყვები: „ნუ აჭმევთ ნიანგს“.

„თუ მოლაპარაკებები ვერ შედგება, „ჰამასის“ წინააღმდეგ  ძალის გამოყენების შემთხვევაში პრეზიდენტი ტრამპი  სრულად დაუჭერს მხარს ისრაელს. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი მარტივი გზით დასრულდება. ევროპას ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ის პალესტინურ ტერორიზმს, მათ შორის რადიკალურ ისლამისტურ უმცირესობებს დანებდა. მათ, ფაქტობრივად, თქვეს: „მოდი, მივცეთ მათ პალესტინის სახელმწიფო, რომელიც ერთგვარი ჯილდოა „ჰამასისთვის. მან ხომ  ჰოლოკოსტის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. მოგცემთ სახელმწიფოს და თქვენ შეძლებთ ისრაელის წინააღმდეგ ომის გაგრძელებას“. სწორედ ამიტომ გახდა ევროპა უმნიშვნელო აქტორი. მან უდიდესი სისუსტე გამოავლინა. თუ გსურთ ტერორთან ბრძოლა,  ებრძოლეთ ტერორს. ადექით და დაუპირისპირდით ტერორიზმს. ნუ დანებდებით მათ მოთხოვნებს. ნუ გამოკვებავთ ნიანგს, როგორც ეს ჩერჩილმა თქვა, რადგან ის თქვენ დაგედევნებათ, როცა ისრაელს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას შეჭამს“, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ნეთანიაჰუ ევრონიუსთან ინტერვიუში ამბობს, რომ სამშვიდობო გეგმა დონალდ ტრამპის ინიციატივაა და თუკი „ჰამასი“ ამ გეგმის პირობებს დაარღვევს, ისრაელს შტატების სრული მხარდაჭერა ექნება.

„ჩვენც, ისევე როგორც მთელმა მსოფლიომ, შეთანხმება მივიღეთ. ეს დონალდ ტრამპის გეგმა იყო. „ჰამასი“ ამბობს, რომ შეთანხმებას დასთანხმდა და ახლა პასუხისმგებლობა მთლიანად მასზეა. ეს გეგმა ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ეტაპი ყველა მძევლის გათავისუფლებას, ისრაელის თავდაცვის ძალების ნაწილის გასვლას გულისხმობს, ნაწილი კი ისევ ღაზაში დარჩება. მეორე ეტაპი ღაზის დემილიტარიზაციასა და „ჰამასის“ განიარაღებას ისახავს მიზნად. ესაა მოლაპარაკებების პირობები, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით, დასთანხმდება თუ არა ამას „ჰამასი“. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია და იმედი მაქვს, ასეც მოხდება, მაგრამ გარანტიას ვერ გაძლევთ“, – აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ისრაელის ინფორმაციით, „ჰამასს“ ამჟამად ჰყავს 48 მძევალი, რომელთაგანაც 20 ჯერ კიდევ ცოცხალია. პარალელურად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გრძელდება პალესტინის მხარდასაჭერი აქციები.

საპროტესტო აქციები იმართება ნიდერლანდებში, საბერძნეთში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ეკვადორში, ბრაზილიაში, პაკისტანსა და სხვა ქვეყნებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend