„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ.
ადგილზე შეკრებილები არიან მმართველი პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები. ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მოქმედმა მერმა ხმათა 77%-ზე მეტი მიიღო. „ქართული ოცნების“ ოფისში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მმართველი პარტიის ლიდერებმა.
როგორც მათ ტრიბუნიდან განაცხადეს, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნები პირველივე ტურში მოიგო.
„ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას. ასე უნდა იყოს, მხოლოდ თქვენზე გადის გზა, მხოლოდ საზოგადოებაზე. აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვასულელონ, როგორმე გაგვაგიჟონ, როგორმე გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ და უკან უკვე დგანან და დღესაც თუ ადევნებთ თვალს, მცდელობა აქვთ. მათ არჩევნები კატასტროფულად წააგეს და მცდელობა აქვთ ქუჩიდან რამე გააკეთონ, მაგრამ საბედნიეროდ, აქაც ისევ ქართველი ხალხის სიბრძნე და ნახეთ, რამდენი არიან. როგორ შეიძლება 80 პროცენტი პარტიას მხარს უჭერდეს და 10 ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს? წარმოუდგენელია“, – ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას სიტყვით გამოსვლისას.
ტრიბუნიდან მიესალმა ამომრჩევლებს და პარტიის ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს თბილისის მოქმედი მერი და „ქართული ოცნების“ მესამე ვადით მერობის კანდიდატი, კახა კალაძე. მან ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა მადლობა და განაცხადა, რომ მისი გუნდის წევრობით ამაყობს.
„მე ვამაყობ იმით, რომ ვარ ბატონი ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი. მინდა მადლიერება გამოვხატო ამ ადამიანის მიმართ. დღეს ჩვენს ქვეყანაში რომ სუფევს მშვიდობა, მისი გამჭრიახობის, მისი მტკიცე ხასიათით, მისი დამოკიდებულებით გვაქვს გრძელვადიანი მშვიდობა და იმ პოლიტიკით, რომელსაც მისი ხელმძღვანელობით ვახორციელებთ… ხვალიდან ვიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც ქალაქისთვის ერთობ მნიშვნელოვანია. ერთადერთი გუნდი ვართ, ვისაც რეალური ხედვა გვქონდა მთელი კამპანიის განმავლობაში. ვინც ვსაუბრობდით კონკრეტულ პროექტებზე, გასაკეთებელ საქმეებზე, გამოწვევებზე, პრობლემებზე“, – განაცხადა კალაძემ.
ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მან ეგზიტპოლის შედეგებს „შთამბეჭდავი“ უწოდა და თქვა, რომ ეს „დაუღალავი შრომის შედეგია“.
„რომ არა ჩვენი ერთად დგომა, ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვება ვერ შედგებოდა. ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა, ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ. ეს ძალიან კარგია.ზუსტად ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება სჭირდება იმას, რომ ქვეყანა შეუქცევადად განვითარდეს, სტაბილურად. ყველა კანდიდატს მინდა მივულოცო, უამრავი კანდიდატი იყო ჩართული ამ საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში კვლავ რჩებიან მმართველი პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები. ისინი ამჯერად ცესკოს პირველად მონაცემებს ელიან.
საუბნო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის ხმის დათვლის პროცესი გრძელდება.