„თუ საუბრობენ სიურპრიზებზე, ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახვდება ჩვენი დიდი სიურპრიზი, სიურპრიზი დახვდებათ მათ კანონის ფარგლებში, მაგრამ კანონი მათ მიმართ იმოქმედებს ძალიან მკაცრად…“ – ეს განცხადება 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მისი მტკიცებით, პროტესტის ორგანიზატორები არიან „უცხოური დაფინანსებით მოქმედი რადიკალური, ექსტრემისტული ორგანიზაციები და დაჯგუფებები“.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს პასუხი „ბევრად მკაცრი იქნება“, ვიდრე გასული წლის პროევროპული დემონსტრაციებისას დაკავებულთა მიმართ.
მანამდე კი პრემიერმა შეაჯამა წინასაარჩევნო გარემო და მას „კონკურენტული და თავისუფალი“ უწოდა, „მუქარისგან, ზეწოლისა და ძალადობისგან“.
„თუკი შარშან განხორციელებული ძალადობრივი აქტების გამო [დაკავებულებს] 2-დან 4,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხვალ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს…
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სხვა გაერთიანებას – ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, ქმედითად გაემიჯნონ შეკრებას, რომლის მიზანი არის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა. ყველას მინდა, შევახსენო, რომ დღეს საქართველო, მისი კონსტიტუციური სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურები არის ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული, როგორც არასდროს… არავის ვურჩევთ, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემასა და კანონს, რომლისგანაც ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრეს პასუხს მიიღებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„საკადრისი პასუხის გაცემის“ პირობას იძლევა პარლამენტის თავმჯდომარეც. „ქართული ოცნების“ ოფისში შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „მშვიდობიანი დამხობის“ ტერმინის ავტორები „პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან“.
„ერთ-ერთ საქმეში, რომელიც თურქეთს ეხებოდა, ერთ-ერთი ორგანიზაცია საუბრობდა „ლეგიტიმურ ჯიჰადზე”, „ლეგიტიმურ ძალადობაზე“ და ზუსტად ამ წინსართის, „ლეგიტიმურის“ დამატებით ცდილობდნენ, მიეცათ ისეთი ფორმა, რომელიც, შესაძლოა, დაცული ყოფილიყო სიტყვის გამოხატვის უფლებით. ამაზე სტრასბურგის სასამართლოს აქვს გადაწყვეტილება მიღებული. შესაბამისად, ამ ტერმინის გამომგონებლები მინდა დავარწმუნო, რომ ისინი ვერანაირად ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას. სიტყვა უკვე ნათქვამია, ვეღარ შეცვლიან…“
პარლამენტის თავმჯდომარე შესაძლო ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას აკისრებს საინიციატივო ჯგუფ „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელს, პაატა ბურჭულაძეს:
„პაატა ბურჭულაძემ მიტინგის ორგანიზატორად დაიფიქსირა თავი, ამიტომ რაც კი რამე მოხდება, პირველი პასუხისმგებელი ის არის. რა თქმა უნდა, ყველა სხვაც პასუხისმგებელია, „ნაციონალური მოძრაობა“… იმაზე იზრუნოს მიტინგიდან რაიმე ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი, ერთი ძალადობაც რომ მოხდეს, მისი პირადი პასუხისმგებლობა იქნება ამ ყველაფერში….“
საინიციატივო ჯგუფ „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე კი ამბობს, რომ აქციის მონაწილეთა გეგმები საერთოდ არ მოიცავს ძალადობრივ ქმედებებს. ხელისუფლებისადმი მას საპასუხო მოწოდება აქვს:
„ჩვენც გაფრთხილებთ – თქვენ არ დაარღვიოთ კანონი და მოიქეცით კანონის ფარგლებში… მინდა გითხრათ, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირება არ შეფერხდება.
თუ რომელიმე მინისტრი ან მაღალჩინოსანი გაიქცევა, ეს არ გამოიწვევს ფუნქციების კოლაფსს. უფრო მეტიც, ამის შედეგად კოლაფსი მცირე ხნითაც არ შეიქმნება. ყველა სასიცოცხლო სახელმწიფო სერვისი, როგორებიცაა ჯანდაცვა, ხელფასები და საპენსიო უზრუნველყოფა, მართლწესრიგი თუ სხვა, გარანტირებული იქნება.
ხაზგასმით მინდა აღნიშნოთ, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას უზრუნველყოფენ არა მხოლოდ მინისტრები, არამედ უწყებებში უამრავ სხვადასხვა პოზიციაზე განაწილებული პროფესიონალები. ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ ზუსტად ვიცით, რომ ეს ადამიანები გააგრძელებენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას“.
4 ოქტომბერს გასამართ არჩევნებსაც და ამ დღეს შესაძლო ძალადობრივ ქმედებებს „ტყუილს“ უწოდებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო უბნის ნაცვლად საპროტესტო აქციაზე მისვლას გეგმავს:
„მე არ წავალ ხვალ არჩევნებზე და მე ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები ხვალ მშვიდობიან აქციაზე. როგორც ვიყავი ყველა მნიშვნელოვან მთავარ აქციაზე და ვიქნები ვიდრე საჭირო იქნება…
არჩევნები არც თავისუფალია, არანაირი გამოგლეჯის შანსი არ არსებობს, არც რამის გამოსწორების შანსი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურის პირობებში ჩატარებული არჩევნები. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვნახეთ ამის მაგალითი რუსეთშიც…
რასაც კობახიძე წინასწარმეტყველებს, რომ დამხობის მცდელობა იქნება, სადაც ყველა იქნება გაერთიანებული, ესეც არის ფარსი და შეურაცხყოფა საზოგადოების, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა ამ დღეების განმავლობაში მედეგობა, გამძლეობა და თავისი უაღრესად მშვიდობიანი გამოსვლა…“
ერთმანეთის პარალელურად ქუჩის პროტესტი და კენჭისყრის პროცესი – ამ ფორმით არჩევნები საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში პირველად ტარდება.
დემონსტრაციის ორგანიზატორები და მონაწილეები შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა თბილისის მერიამ.
უწყებამ განმარტა, რომ კანონმდებლობით დაუშვებელია მოქალაქეთა შეკრება, საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში. ამ მიზეზით, მერიამ პაატა ბურჭულაძის მოთხოვნას რუსთაველის გამზირზე სცენის მონტაჟის შესახებ, უარით უპასუხა. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი გიმნაზიის შენობაში ცესკოს გახსნილი აქვს მთაწმინდის ნომერ მეშვიდე საარჩევნო უბანი.
