კატეგორიები

ირაკლი კობახიძე საარჩევნო გარემოს „კონკურენტულად და თავისუფლად“ აფასებს

ირაკლი კობახიძე საარჩევნო გარემოს „კონკურენტულად და თავისუფლად“ აფასებს
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესი იყო „კონკურენტული და თავისუფალი, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან, ისე მუქარის, ზეწოლისა და ძალადობისგან“

„არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური გაერთიანება, რომელთაც მიეცათ შესაძლებლობა, თავისუფლად და თანასწორ პირობებში წარემართათ საარჩევნო კამპანია… მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასაარჩევნო პროცესების მაღალ დონეზე ადმინისტრირებისათვის, აგრეთვე სამართალდამცავ უწყებებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისათვის…

მსურს ვთხოვო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, თითოეულ ამომრჩეველს, გამოავლინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ხმა მისცეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი ასევე გამოეხმაურა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციას.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, პასუხი იმაზე მკაცრი იქნება, ვიდრე გასული წლის დემონსტრაციების დროს:

„თუ შარშან განხორციელებული ძალადობრივი აქტების გამო [დაკავებულებს] 2-დან 4.5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხვალ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს…

ამ მიტინგის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა აიღეს ან/და მის გაცხადებულ მიზანს მხარდაჭერა გამოუცხადეს „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და რამდენიმე შედარებით მცირე პოლიტიკურმა პარტიამ. გარდა ამისა, მიტინგსა და მის მიზანს მხარდაჭერა გამოუცხადეს მთელმა რიგმა რადიკალურმა და ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა და დაჯგუფებებმა, რომელთა უდიდესი ნაწილი უცხოური წყაროებიდან ფინანსდება.

თავისთავად ცხადია, რომ მიტინგის მიზანი არა მხოლოდ არაკონსტიტუციურია, არამედ მისი აღსრულების ნებისმიერ მცდელობასაც სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს“.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები