სანამ 4 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილება გახდება ცნობილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მანამ წინასაარჩევნო კამპანიის საბოლოო შეჯამებებს, ამავე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსები აკეთებენ.
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი და მოქმედი მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ მის გუნდს თბილისი უყვარს და როგორც აქამდე, ისეთივე დამოკიდებულებით გააგრძელებს ქალაქზე ზრუნვას მესამედ გამარჯვების შემთხვევაში.
„ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო თბილისზე, რადგან ბოლო რვა წლის მანძილზე წარმატებით გავიარეთ საკმაოდ რთული გზა საიმისოდ, რომ დღეს თამამად ჩაგვეხედა თქვენთვის თვალებში და არ მოგვრიდებოდა თქვენთან საუბრის.
როგორც თბილისის მერს, მეამაყება გავლილი გზა, რომელმაც უკვე დაატყო მკაფიო კვალი თბილისს და დღეს, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, თავს უფლებას ვაძლევ, გესაუბროთ არა ბუნდოვან დაპირებებზე, არამედ მკაფიო სამოქმედო გეგმებზე, რომელთა განხორციელებასაც თქვენთან ერთად ვაპირებ.
ამ ქალაქის მომავალი ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ, შეუძლებელია ერთმა ადამიანმა, ვინც გინდა იყოს ის, აიღოს ამხელა პასუხისმგებლობა.
თქვენი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ სჭირდება თბილისს, უნდა გაგრძელდეს ყველა ის პროგრამა, რომლებიც დავიწყეთ, ყველა პროექტი, რომლებიც დედაქალაქში არსებულ პრობლემებს საბოლოოდ დაძლევს.
სრულიად გულწრფელად შემიძლია გითხრათ, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც ამ გამოწვევებს გაუმკლავდება, არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”.
მეგობრებო, 4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნისა და დედაქალაქის ცხოვრებაში – გარდამტეხი უკეთესი მომავლისთვის, ისეთი თბილისისთვის, სადაც ცხოვრება ყველასთვის იქნება ღირსეული და საამაყო.
მჯერა, 4 ოქტომბერს მესამედ ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთად ავაშენებთ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის უკეთეს მომავალს“, – განაცხადა კალაძემ.
კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ პროტესტთან ერთად საარჩევნო ბერკეტის გამოყენებით ბრძოლაც მნიშვნელოვანია პოლიტიკური ცვლილებებისათვის. მისივე თქმით, თბილისის მერად მისი არჩევა პოლიტიკური ცვლილებების დასაწყისს მოიტანს.
„ჩვენი მთავარი მიზანია, საპროტესტო მუხტთან ერთად გავაძლიეროთ სტრუქტურული წინააღმდეგობაც, რაც, მათ შორის, არჩევნების გზით ბრძოლაც არის. 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი, გარდამტეხი პროცესია. ჩვენ ველით – მოლოდინი, სურვილი და მცდელობა გვაქვს, თბილისელები დავარწმუნოთ, რომ უმრავლესობა ვართ და უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მოვიგოთ – დავიბრუნოთ დედაქალაქი. მეორე მხრივ, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ თუ ეს ასე არ მოხდა, ბრძოლა და წინააღმდეგობა გავაგრძელოთ. მოგების შემთხვევაში გამარჯვება იქნება დასაცავი. დამარცხების შემთხვევაში ბრძოლა იქნება გასაგრძელებელი. ამიტომ არანაირი ალტერნატივა ბრძოლასა და წინააღმდეგობას არ გააჩნია“, – აცხადებს კუპრაძე.
თბილისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი, იაგო ხვიჩია, პარტია „გირჩიდან“ ფიქრობს, რომ მას აქვს შანსი გავიდეს მეორე ადგილზე და პირველი ადგილის მოპოვება არსებული პოლიტიკური თუ სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით შეუძლებლად მიაჩნია.
„ჩვენ შანსი გვაქვს როგორც მერობაზე, ისე პარტიული მიმართულებით მეორე ადგილზე გავიდეთ. პირველ ადგილზე გასვლა, სამწუხაროდ, ოპოზიციის შეუთანხმებლობითა და იმ აბსურდით, რაც ოპოზიციაში ხელოვნურად მოაწყვეს, ამ პერსპექტივიდან წარმოუდგენლად მოჩანს. თუმცა, ჩემი აზრით, მთავარი ამოცანა „გირჩის“ ამომრჩევლებისთვის ისაა, რომ უსამართლობა, რომელიც ჩვენ მიმართ ხდება როგორც მედიაში, სადაც დაბლოკილები ვართ, ისე პოლიტიკურ პარტიებში, როცა დებატებზე ფაქტობრივად არავინ არ ჯდება – ქართველი ხალხის მიერ იყოს პასუხგაცემული. და მოხდეს ისე, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი უბრალოდ სახლში წავიდეს და გამოიცვალოს ის ოპოზიცია, რომელსაც კონსოლიდაციისთვის უბრალოდ არაფერი გაუკეთებია ამდენი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს პარტია „გახარია – საქართველოსთვის“. წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ თქვა, რომ არჩევნების გზით ბრძოლა სწორი პოლიტიკური ბერკეტია.
„„ოცნების“ წინააღმდეგ თითოეული არ მიცემული ხმა არის „ოცნების“ გამარჯვება. ამიტომ პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, მოგმართავთ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს: არჩევნებზე არ მისვლა იქნება დაკარგული შანსი, რასაც უკან ვეღარ დავაბრუნებთ. ასევე მინდა მივმართო ჯერ კიდევ „ოცნების“ მხარდამჭერებს – თუ თქვენ ხმას მისცემთ „ოცნებას“, თქვენ ხმას აძლევთ „ოცნების“ მიერ ხელოვნურად შექმნილ შუღლს, დაპირისპირებასა და ქაოსს. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდისა და სამართლიანი წესრიგის დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქებში, ქუჩებსა და ოჯახებში. ბოლოს, მინდა გავიმეორო უდიდესი ქართველის, ილიას ჭავჭავაძის სიტყვები: „ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ არჩევანზე და თქვენი მოქალაქური, კაცად კაცური მოვალეობა გადაუხადოთ თქვენს მშობელს ქალაქსა“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე საათი დარჩა. ქვეყნის მასშტაბით არჩევნებში სულ 12 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 3 513 818-მა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი ხვალ დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე უნდა გააკეთოს.
ავტორი: ალეკო გვეტაძე