კატეგორიები

ზვიად რატიანის ადვოკატებმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართეს

ზვიად რატიანის ადვოკატებმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართეს

პოეტ ზვიად რატიანის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება. დღეს, 2 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა თქვეს პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული პოეტის ადვოკატებმა.

ადვოკატმა მარიამ პატარიძემ პუნქტობრივად უპასუხა ბრალდების მიერ წინა სხდომაზე დასკვნითი სიტყვის ფარგლებში წარმოდგენილ არგუმენტებს და განაცხადა, რომ პროკურორს არ განუმარტავს, თუ როგორ აღწევს „მინიმალური ზემოქმედების მქონე აქტი თავდასხმის ხარისხს”.

ამ საქმის ფარგლებში მხარეები იმაზე არ დავობენ, ნამდვილად გააწნა თუ არა სილა ზვიად რატიანმა დაზარალებულად მიჩნეულ პოლიციელს – დავობენ პოეტის ქმედების სამართლებრივ შეფასებაზე.

„ზვიად რატიანს არ ჰქონია თავდასხმის განზრახვა და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას არ შეეძლო გამოეწვია პოლიციელისთვის ზიანის მიყენება”, – განაცხადა ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა სხდომათა დარბაზში.

სხდომის დასასრულს ბრალდებულმა პოეტმა განაცხადა, რომ უკვე მესამე კვირაა, ციხეში კუთვნილი პაემნებით ვერ სარგებლობს, გარდა ამისა, მასთან არც ბლოკნოტი და საწერი კალამი შედის და მათ ვერც ციხის მაღაზიაში ყიდულობს. მისივე თქმით, წერილები, რომელთაც იღებს, უკვე გახსნილია. „საეჭვოდ დაემთხვა ახალი დირექტორის დანიშვნას“, – განაცხადა ზვიად რატიანმა.

წინა სხდომაზე სასამართლოს დასკვნითი სიტყვით უკვე მიმართა პროკურორმა გიორგი გოგალაძემ. მან განაცხადა, რომ ზვიად რატიანი პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილს თავს დაესხა, თანაც მაშინ, როცა იგი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და რომ მისი მოტივი „პოლიციელის მიმართ სიძულვილი” იყო.

პროკურორის თქმით, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ პოეტმა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა და შესაბამისად, სასამართლომ მის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს.

ახლა განაჩენის გამოცხადებამდე მხოლოდ თავად ბრალდებულის საბოლოო სიტყვა რჩება. ამის შემდეგ კი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, მიიჩნევს თუ არა ზვიად რატიანს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც მას ბრალი აქვს წარდგენილი, სასჯელის ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე მომდევნო სხდომა 9 ოქტომბერს ჩაინიშნა. სწორედ ამ სხდომაზე მოისმენს სასამართლო ზვიად რატიანის საბოლოო სიტყვას.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები