მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით საინტერესოა, რას ფიქრობენ საქართველოს ევროპელი პარტნიორები. როგორ აღიქმება საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპიდან?
ახლა, როდესაც ევროკავშირი გაფართოებისთვის ემზადება და ახალ წევრებს აძლევს შესაძლებლობას, რამდენად მოიაზრება ამ კონტექსტში საქართველოც?
ევრონიუსის ინტერვიუ ევროპარლამენტარ, ტობიას კრემერთან.
„თანავუგრძნობ ოპოზიციას, რომელიც დღეს სვამს მთავარ კითხვას: რა უნდა გავაკეთოთ? მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში თუ არა? მთავარი საკითხია – იქნება ეს არჩევნები სამართლიანი და ღია? გვექნება თუ არა რეალური ბრძოლის შანსი? სამწუხაროდ, ის, რასაც ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში ვხედავთ ბევრით ჰგავს რუსულ თამაშს – დეზინფორმაციას, მანიპულაციას, დაშინებას. „ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო მეტად იქცევა კრემლის ჩრდილში ქართულ კოშმარად. თუმცა, იმედი მაქვს, თავადაც აცნობიერებენ, რომ ეს ძალიან მოკლევადიანი სტრატეგიაა. ჩემი მიმართვა არის მხოლოდ ერთი – დაუშვან თავისუფალი არჩევნები.
ოპოზიციისთვის მთავარი კითხვა კვლავ რჩება: უნდა ვიმოქმედოთ თუ არა იმ რისკის პირობებში, რომ შესაძლოა არჩევნები მანიპულირებული იყოს? პასუხი ჯერ უცნობია. ორივე მხარეს აქვს არგუმენტები. მაგალითად, მოლდოვაში არჩევნებისას რუსეთის მხრიდან ბევრი მცდელობა იყო ჩარევის, მაგრამ ხალხმა მაინც შეძლო თავისუფლად ხმის მიცემა და საბოლოოდ რუსეთის კანდიდატი დამარცხდა. პროევროპული ძალები აშკარა უმრავლესობით გავიდნენ. კითხვა ახლა ასეთია: შესაძლებელია თუ არა მსგავსი შედეგი საქართველოშიც?
რა თქმა უნდა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის – მე ვერ ვეტყვი ქართველ ხალხს, რა უნდა გააკეთოს. საბოლოოდ, ეს მათი არჩევანია. ჩვენი, ევროპელების მხრიდან, მთავარია იმედი – რომ საქართველოს ევროპული მომავალი კვლავ რეალურია. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოსთვის ევროპის კარი ღია იყოს. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ გარკვეული სტანდარტები უნდა დაკმაყოფილდეს.
დღესაც ვხედავთ, რომ მოსახლეობის 80%-ს ევროპული გზა სურს. მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ამ გზას ძირის გამოთხრას უფრო და უფრო ავტორიტარული ქმედებებით ცდილობს. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ევროპელები, ვცდილობთ მაქსიმალურად დიდI ზეწოლა მოვახდინოთ საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა დაბრუნდეს ევროპულ და დემოკრატიულ გზაზე და თავად ხალხს მისცეს საშუალება გადაწყვიტოს მომავალი.
სამწუხაროდ, ამის ნიშნებს ჯერ ცოტას ვხედავთ. მაგალითად, მზია ამაღლობელის საქმე – მისი დაპატიმრება შეთხზული ბრალდებებით – ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ევროპარლამენტი შეშფოთებულია და ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ იბრძვის ქართველი ხალხი თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის.
ჩემი თვალით, საქართველო ევროპული ქვეყანაა, რომელსაც ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეს – თუ ამას თავად ქართველები აირჩევენ. ჩვენ ვამბობთ: ევროკავშირის კარი ღიაა, თავისუფლების კარი ღიაა. ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფლად შევიდეს ამ კარში.
დღეს ისინი ყოველდღე გამოდიან ქუჩებში, მიუხედავად იმისა, რომ იციან დემოკრატიული უკუსვლის, დაპატიმრების ან ფიზიკური ძალადობის რისკი. მაინც იბრძვიან. და სწორედ ეს აჩვენებს, რომ საქართველო იმსახურებს თავის ადგილს ევროკავშირში. ევროკავშირი ამას ძალიან ნათლად ამბობს – თუმცა, რა თქმა უნდა, აუცილებელია დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილება.
მე დიდი ნდობა მაქვს ქართველი ხალხის მიმართ. მათ სურთ დემოკრატია – და სწორედ ეს მისცემს საქართველოს საშუალებას გახდეს ევროკავშირის წევრი” – ტობიას კრემერი.
