კატეგორიები

საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოში დებატები გაიმართება

საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოში დებატები გაიმართება

2 ოქტომბერს საქართველოს შესახებ ევროსაბჭოში დებატები გაიმართება.

ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები: ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი წარადგენენ რეზოლუციას სახელწოდებით „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“.

რეზოლუციის თანახმად, ასამბლეა წუხს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროსაბჭოს შეშფოთებისა და რეკომენდაციების სისტემური უგულებელყოფის გამო, რაც დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში დემოკრატიის კრიზისს ქმნის.

„დემოკრატიული უკუსვლის პროცესი იმდენად გაღრმავდა, რომ საქართველოში დემოკრატიის არსებობა ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების იზოლაციისკენ მიმართულ პოლიტიკასა და გაუარესებულ ურთიერთობებს ევროპულ ორგანიზაციებსა და მათ წევრ სახელმწიფოებთან”, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ასამბლეა გმობს საქართველოში ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას.

„ასამბლეა გმობს მზია ამაღლობელისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის არაპროპორციულ და პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას შეთხზული ბრალდებების გამო. ასეთი დევნა მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას და შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებასთან“, – ვკითხულობთ რეზოლუციაში.

ამასთან, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი წარმომადგენლების 2003-2012 წლების საქმიანობის შემსწავლელ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით.

რეზოლუციის პროექტში ასევე ხაზგასმულია, რომ ასამბლეა გმობს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების დევნასა და მათი ხმების ჩახშობის მცდელობას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, რეპრესიული კანონმდებლობის მიღებითა და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნით.

ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეცვალოს ქვეყანაში დემოკრატიის რღვევა. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას, ჩაერთოს ღია და კონსტრუქციულ დიალოგში საქართველოს ხელისუფლებასა და ყველა პოლიტიკურ და სოციალურ ძალასთან, „რათა შეჩერდეს დემოკრატიული უკუსვლა და უზრუნველყოფილ იყოს ქვეყნის მიერ წევრობის ვალდებულებებისა და ევროპის საბჭოში გაწევრიანების ვალდებულებების შესრულება“.

დოკუმენტის თანახმად, დიალოგისთვის მზადყოფნის ნიშნად, ასამბლეა მხარს უჭერს, რომ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ვალდებულებებისა და ვალდებულებების შესრულების კომიტეტის მომხსენებლები საქართველოში ჩამოვიდნენ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები