უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, „საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა“, სადაც „პოლიტიკური გარემო სტაბილურია, ეკონომიკა კი ელვისებრი სისწრაფით ვითარდება“.
„საქართველო არის ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანა. არ ვიცი მის მსგავსად წარმატებული სხვა სახელმწიფო – პოლიტიკური გარემო სტაბილურია, ეკონომიკა კი ელვისებრი სისწრაფით ვითარდება. აღფრთოვანებულები ვართ და ვსწავლობთ, როგორ გავხდეთ ასეთი წარმატებულები. ვფიქრობ, ევროპას სჭირდება წარმატებული ქვეყნები, რადგან, სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი წარუმატებელია – ეკონომიკა ან არ მუშაობს, ან პარალიზებულია და სტაგნაციაშია. ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი ქვეყნების შემოერთება“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
2 ოქტომბერს, კოპენჰაგენში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, ვიქტორ ორბანი შეხვდება პრემიერ ირაკლი კობახიძეს.
უნგრეთის ხელისუფლება ერთ-ერთია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის, ვინც ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას. ამავე პოზიციაზეა სლოვაკეთის მთავრობაც.
ევრობლოკის სხვა წევრი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერებისგან განსხვავებით, უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების წარმომადგენლები ხშირად ხვდებიან საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.
