პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დანიაში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მეშვიდე სამიტში მონაწილეობს. კობახიძე დღეს, 2 ოქტომბერს, მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში და ძირითადად ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრებს.
პრემიერი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გაემგზავრა დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
„ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც ევროპელ ლიდერებთან მაქვს საუბრის საშუალება. გუშინაც ვახშამზე გვქონდა საშუალება, რომ არაერთ ლიდერს გავსაუბრებოდით და ყველგან ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენს ხედვებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი”, – განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.
