გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.
პლატფორმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველ დიპლომატს „მკაფიო გზავნილი გადასცეს“:
„საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
დღეს საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვიწვიეთ და მას მკაფიო გზავნილი გადავეცით: საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან თბილისში გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს.
— GermanForeignOffice (@GermanyDiplo) October 2, 2025
24 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. მოგვიანებით, დიპლომატიურმა უწყებამ განაცხადა, მას „ვენის კონვენცია“ შეახსენა და განუმარტა, რომ „ელჩი სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს“. თავად პეტერ ფიშერმა დაბარების ფაქტს „დიპლომატიური სანქციის ფორმა“ უწოდა და დასძინა, რომ მსგავსი რამ „მიუღებელია მეგობრულ ქვეყნებს შორის“.
25 სექტემბერს საქართველოს დიპლომატიურ უწყებაში, ამავე მიზეზით დაიბარეს დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდიც.
